ვალეში საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები ამბობენ, რომ ბოლო ოთხი თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და კუთვნილ ანაზღაურებას ხვალ შუადღემდე ვერ მიიღებენ, სარემონტო სამუშაოებს აღარ გააგრძელებენ და შესაძლებელია გზაც გადაკეტონ.
ვალეში სარემონტო სამუშაოებს შპს „ქარისტინე სარაშვილი“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან მივიდა. თუ როდის მიიღებენ მუშები ხელფასს, ნუგზარ სარაშვილს ზუსტი თარიღის დასახელება უჭირს, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეკრებილები კუთვნილ თანხას სავარაუდოდ 2–3 დღეში მიიღებენ.