ვალერიან ცერცვაძე - არ ვეთანხმები ბრალდებებს, ექვსი წელია, აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, უვადო მოსამართლედ მოხსენიება ფაქტების შეგნებული დამახინჯებაა
კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. ექვსი წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე. შესაბამისად, ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება, აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას, – ამის შესახებ ვალერიან ცერცვაძემ აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
როგორც ცერცვაძე წერს, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული სანქცირების გადაწყვეტილება.
„ცალსახად მინდა, განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“, – წერს ვალერიან ცერცვაძე.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.