ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას დრო დასჭირდება და პროცესი, სულ მცირე, ერთი თვე გაგრძელდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
როგორც კლინიკაში შესვლამდე გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ადვოკატებმა კონსულტაცია გაიარეს და ახლა სააკაშვილს უნდა გააცნოს ინფორმაცია, რაზეც ისინი შეთანხმდნენ.
„მოგეხსენებათ, ხვალ არის სასამართლო სხდომა დანიშნული. ეს არის პირველი სხდომა. ამიტომ ადვოკატებს საბოლოოდ შემაჯამებელი კონსულტაცია ესაჭიროებოდათ. ახლახან მოვრჩი მონაწილეობას ამ კონსულტაციაში და მოვედი „ვივამედში“, რათა ინფორმაცია გადავცე სააკაშვილს, რაზე შევთანხმდით ადვოკატები. პოლიტიკოსების საკითხი ჯერ არ გაგვივლია, მაგრამ ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, რადგან არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ რა მტკიცებულებაც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ისე მტკიცებულება დასაშვებად არ ითვლება. ამიტომ ვინც არ უნდა მოინდომოს, რომ ჩავხსნათ ექსპერტები, ეს არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.
რაც შეეხება ისეთ მოწმეებს, რომლებიც არ არიან ავთენტურობასთან დაკავშირებული, ანუ სამედიცინო დოკუმენტაციის და საექსპერტო დასკვნის, შესაძლებელია, რამდენიმე მოწმე არ დავკითხოთ. 30 მოწმეა სულ და, ბუნებრივია, ერთ და ორ სხდომაში სასამართლო ვერ დაასრულებს, ვერ ამოწურავს, სულ მცირე, ერთი თვე დაგვჭირდება. ჩვენ სასამართლოში ბოლომდე თუ არ ამოვწურეთ მტკიცებულებები, შეიძლება, სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩათვალოს. მიიჩნევს, რომ საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად და მალე დაასრულებს. შევთანხმდით იმაზე, რომ რაც არ უნდა მოთხოვნა იყოს, მალე დაასრულეთო, მალე ვერ დასრულდება, რადგან 183 გვერდია დასკვნა“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ამასთან, ვალერი გელბახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს მზადყოფნას, რომ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.
„მიხეილ სააკაშვილი აცხადებს მზადყოფნას დისტანციურად ჩართვაზე. შევთანხმდით, რომ ხვალინდელ პროცესშიც არ მივიღებ მონაწილეობას, შალვა იქნება ხვალ და გადაიდება ეს პროცესი, რადგან ხვალ დამატებით ახალი მტკიცებულებები შედის. მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვს ამ მტკიცებულებების გაცნობას და დროს მოითხოვს. სამედიცინო კვლევებია და ასევე დიაგნოსტიკური ნაწილი იმ კონსილიუმების, რომლებიც ჩატარდა. ხვალ განხილვა ვერ დაიწყება. 16 ტომი ჰქონდათ და ოთხი ტომი შედის კიდევ და ხვალინდელ პროცესზე იქნება წარდგენილი“, – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.