ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაში რუსულ კვალს ხედავს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის პატრონებთან დაკავშირებული საუბარი პუტინის ნარატივის გაგრძელებაა.
ამასთან, გელბახიანის თქმით, ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ პროცედურა, რაც ახლა მიმდინარეობს, მიმართულია სააკაშვილის ფიზიკური მოსპობისკენ და ამ მიმართულებით, სავარაუდოა, მხოლოდ ხელისუფლების მოქმედება, ამერიკელებსა და ევროპელებს ხელი არაფერზე მიუწვდებათ.
ამავდროულად, ვალერი გელბახიანის შეფასებით, „ხალხის ძალის“ განცხადება არის არაპირდაპირი გზით მიმართვა ხელისუფლებისთვის, დროულად გაათავისუფლონ სააკაშვილი და ამ ნაწილში მათ მადლობას უხდის.
„პატრონებს რაც შეეხება, გუშინწინ მოვისმინე ბატონი პუტინის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ამერიკა იგონებს სააკაშვილებს, ზელენსკებს და ა.შ და ჩვენ გვიწევს ამ გამოგონილ ფიგურებთან ბრძოლა, ერთი დავამთავრეთ და მეორეს დავამთავრებთ. ანუ, ესაა პუტინის ნარატივის გაგრძელება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც მართლა გეგმავს სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას, ჩვენ ამაზე არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება და ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ პროცედურა, რაც ახლა მიმდინარეობს, მიმართულია სააკაშვილის ფიზიკური მოსპობისკენ. ვინ არის ეს „ვიღაც“? ამ წუთში ივარაუდება ხელისუფლება, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, აქ ამერიკელებს ხელი არაფერზე მიუწვდებათ, არც ევროპელებს, პირიქით. ყველაფერი, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის დაპატიმრების, ასევე შემდეგ სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, მთლიანად ეკუთვნის და კონტროლქვეშაა საქართველოს ხელისუფლების. ერთ ნაწილში მადლობას ვეტყვი „ხალხის ძალას“, რომ ესაა არაპირდაპირი გზით მიმართვა ხელისუფლებისთვის, გაუშვან სააკაშვილი დროზე, თუ არ უნდათ, რომ მათ დაბრალდეთ მისი სიკვდილი, რაშიც ვეთანხმები“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
კითხვაზე, – „ხალხის ძალამ“ პრევენციის მიზნით გააკეთა ეს განცხადება? – ვალერი გელბახიანი პასუხობს: „არა, მაგის პრევენცია არაა, მე უფრო ვხედავ იმის პრევენციას, რომ არაფერი დაემართოს, ამიტომ გაუშვით“.
ამასთან, ვალერი გელბახიანმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომ სააკაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებას პუტინის ნარატივების გაგრძელებად მიიჩნევს. გელბახიანის განმარტებით, სააკაშვილი ამ განცხადებაში რუსულ კვალს ხედავს.
„გაეცინა და თქვა, სრული ლუსტრაციაა საკუთარი თავისო. ანუ, არის იმის გაგრძელება, იმ კონტექსტის და ნარატივების, რაც თქვა ბატონმა პუტინმა“, – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. ამასთან, განცხადების ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის „პატრონებს“ არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ.