ვალერი გელაშვილი - გიორგი ვაშაძემ მითხრა, პრეზიდენტს რომ გადაუდექი, რა გეგონაო, სადაც უნდა, პირზე დავადგები
ვალერი გელაშვილი - გიორგი ვაშაძემ მითხრა, პრეზიდენტს რომ გადაუდექი, რა გეგონაო, სადაც უნდა, პირზე დავადგები

მთავარია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს სასჯელი მიესაჯა, – ასე შეაფასა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ მისი ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

„ჩემთვის მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მიიღო, რა მნიშვნელობა აქვს ექვსი წელი იჯდება, თუ რვა. მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი წელიც საკმარისია”, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

მისივე თქმით, თავდასხმის მიზანი უკეთეს შემთხვევაში მისი სიკვდილი, უარესში კი, ინვალიდად დარჩენა იყო.

„რა იყო ამ დანაშაულის მოტივი, ეს ყველაფერი ცნობილია. ყველაფერი დაკავშირებული იყო რეზიდენციასთან, მის სახლთან, სადაც უნდა შესულიყო, ის სახლი ჯერ ჩემი იყო. ზეციდან არავინ ჩამოვიდოდა და ანგარიშსწორებას არ გამიკეთებდა. თავდასხმის შემდეგ მაშინვე დავაფიქსირე აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული იყო”, – განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ ცოცხალი რომ გადარჩა, ღვთის ნება იყო, რადგან ფუძის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა.

„თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, საუკეთესო შემთხვევაში ინვალიდი უნდა ვყოფილიყავი, რადგან თავის ქალიდან როცა სითხე იქცევა, მენინგიტი გემართება და თუ გადარჩი, ეტლის გარეშე ვერ ივლი. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ეგრე უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ ღვთის ნება არ იყო და გადავრჩი. მერე კი წყალის ჩასხმა მოინდომეს, გათიშვა უნდოდათ, მაგრამ თვითმფრინავმა მოასწრო ჩამოსვლა და წამიყვანეს”, – განაცხადა გელაშვილმა.

გელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძემ მას უთხრა: „პრეზიდენტს რომ გადაუდექი აბა, რა გეგონა. სადაც უნდა პირზე დავადგები”, – განაცხადა გელაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოხდა, რადგან ვალერი გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით კრიტიკულად ისაუბრა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ვანო მერაბიშვილის მიმართ.