ვალენტინა მატვიენკო მსოფლიოში დეპუტატებისთვის სანქციების დაწესების აკრძალვას ითხოვს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებსა და პარლამენტთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მიიღონ რეზოლუცია, რომელიც პარლამენტარების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აკრძალავს.
ამის შესახებ მატვიენკომ საერთაშორისო ფორუმზე – „პარლამენტარიზმის განვითარებაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მატვიენკო ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ შესაბამისი დოკუმენტი გაერო-მაც მიიღოს.
„მოდით გავაკეთოთ ისე, რომ მსოფლიოს ყველა პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია პარლამენტარების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. მოდით, გავმართოთ დიალოგი ყველა პარლამენტთაშორის ასამბლეასთან, რომ ისინიც გამოვიდნენ შესაბამისი განცხადებებით. წარვადგინოთ ყველა ეს მიმართვა გაერო-ში და მოვითხოვოთ, რომ მიღებულ იქნას გაერო-ს სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც გაწერილი იქნება ეს თემა“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ.
ვალენტინა მატვიენკომ კანონმდებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას „შუა საუკუნეების მიდგომა“ უწოდა.
„სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი სახელმწიფო თავს უფლებას აძლევს, შეზღუდოს პარლამენტარების გადაადგილება, მათ შორის პარამენტთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებებში მათი მონაწილეობისთვის. მეტიც, ჩვენ ვხედავთ მთელ საპარლამენტო დელეგაციების დისკრიმინაციას, როდესაც მათ ხმის უფლება ართმევენ. დღეს, საბედნიეროდ, ვხედავთ, რომ საღი აზრი იმარჯვებს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ უბრუნდება დემოკრატიულ პრინციპებს. თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიოში პარლამენტარების დისკრიმინაციის მაგალითები არც თუ ისე ცოტა რჩება“, – განაცხადა მატვიენკომ.