რუსეთის ჰიბრიდული ომი, კრემლიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ის საკითხებია, რაზეც ლატვიის ყოფილ პრეზიდენტ ვალდის ზატლერს საქართველოს პირველი არხი ესაუბრა.
ვალდის ზატლერსს ლატვიის პრეზიდენტის თანამდებობა 2007-2011 წლებში ეკავა. აგვისტოს ომის დროს მან საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოში პოლონეთის, უკრაინისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად ლატვიის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდნენ. ექსკლუზიურ ინტერვიუში ზატლერსი ლატვიის გამოცდილებასა და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ქვეყანამ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე გაიარა და დასძლია.
დღესდღეობით დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს სანქციები სათანადო ზიანს აყენებს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს, იმ რეჟიმს, რომელიც ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს აღმოსავლეთ ევროპიდან ახლო აღმოსავლეთამდე გავლენა გააფართოვოს?
2014 წლიდან მოყოლებული დღემდე ეკონომიკური სანქციები რუსეთის პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. ამის მაგალითია ის, რომ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ავტორიტარულ, კორუმპირებულ რეჟიმს მხარში უდგანან, სერიოზული პრობლემები ექმნებათ. გაიყინა მათი ანგარიშები დასავლეთის ბანკებში, შეეზღუდათ გადაადგილება. ეს მათ ცხოვრებაზეც უარყოფითად მოქმედებს, რაც აიძულებს რუს ოლიგარქებს დაფიქრდნენ, რამდენად ღირს პუტინის რეჟიმის გვერდში დგომა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რუსეთს მუდმივად დავანახოთ, რომ ევროპა ძლიერი ერთობაა.
არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი ახლა უკვე ღიად აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ სანქციების აუმოქმედებლობა რუსეთის წინააღმდეგ შეცდომა იყო. რა ისწავლა დასავლეთმა საკუთარ შეცდომებზე ამ ბოლო 11 წლის განმავლობაში?
გეთანხმებით, შეცდომა იყო, დასავლეთმა ვერ გათვალა, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე უკრაინა იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, როცა 2008 წელს საქართველომ მაპი ვერ მიიღო. სამწუხაროა ისიც, რომ ორმა ევროპულმა სახელმწიფომ საქართველოსთვის მაპის მიცემას მხარი არ დაუჭირა. მაშინ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა ღიად განვაცხადეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ფატალურ შედეგს მოგვიტანდა და ასეც მოხდა. რამდენიმე თვეში ომი დაიწყო. როგორც ჩანს, დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფო მაშინ კიდევ ვერ ხვდებოდა, თუ რამხელა აგრესორთან ჰქონდათ საქმე რუსეთის სახით. დღეს კი, როცა საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, ყველა ვხვდებით, რომ დეოკუპაციის პროცესი რთული იქნება და დეოკუპაცია არა სამხედრო ძალით ან რუსეთთან კომპრომისზე წასვლით, არამედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით მიიღწევა.
დღეს ოპოზიციისგან ხშირად ისმის, რომ საქართველოს მთავრობის არასწორი საგარეო პოლიტიკის გამო საქართველო დასავლეთის დღის წესრიგში უკრაინასთან ერთად აღარ განიხილება. ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა დასავლელ პარტნიორებთან ოკუპაციის საკითხს მწვავედ აღარ აყენებს?
ცხადია, უკრაინის კონფლიქტი უფრო სერიოზული პრობლემაა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან ეს ქვეყანა რუსეთსა და ევროპას შორის მდებარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოკუპაციას დასავლეთში არასერიოზულად უყურებენ. სიმართლე გითხრათ, გადაჭრით ვერ ვიტყოდი, რომ ეს საქართველოს მთავრობის ბრალია, თუმცა საქართველოსთვის აუცილებელია, მკაფიოდ გამოხატული საგარეო კურსი, ასევე შიდა პოლიტიკური სტაბილურობა. პოლიტიკური დაპირისპირებაც პარტიებს შორის დემოკრატიის ნაწილია, რადგან აზრთასხვადასხვაობის გარეშე დემოკრატიული პროცესი ვერ შედგება. მინდა, პარალელი გავავლო ჩვენ ორ პატარა ქვეყნას – საქართველოსა და ლატვიას შორის. ბევრი რამ გვაქვს საერთო, მათ შორის საბჭოთა წარსული. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად დიდი საფრთხის მომტანია რუსეთთან მეზობლობა. ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებელია, მუდამ გვახსოვდეს რუსული ოკუპაცია, გვახსოვდეს საბჭოთა ტანკები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნებისთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ. როცა ეს კარგად გახსოვს, რუსეთის თითოეულ პროვოკაციაზეც დროულად რეაგირებ. ამის ნათელი მაგალითი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. მაშინ პოლონეთის პრეზიდენტმა კაჩინსკიმ მისივე ინიციატივით ბალტიისპირელ ლიდერებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც ჩამოვიდა სარკოზი. ეს იყო გაკვეთილი რუსეთისთვის. ეს იყო შეხსენება რუსეთისთვის, რომ საქართველო მარტო არ არის. ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ პუტინის რეჟიმს, რომ არც საქართველო და არც უკრაინა მარტო არ არიან, – მათ გვერდით ევროპა დგას.
საყოველთაოდ ცნობილია, როცა ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ქვედა ნიშნულზე იწევს, იგი რეგიონში მორიგი კონფლიქტის კერას აჩენს. ასე მოხდა 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში, 2014 წელს უკრაინაში. დღეს მისი რეიტინგი დაცემულია. რამდენად დიდია საფრთხე, რომ რუსეთის მორიგი თავდასხმის სამიზნედ აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა კიდევ ერთხელ იქცეს?
მართლაც ასეა, ვლადიმერ პუტინი საკუთარი ძალაუფლების გასამტკიცებლად და დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად საომარ მოქმედებებს ხშირად იყენებს. თავდასხმის საფრთხე მუდმივად არსებობს, რადგან კრემლის პოლიტიკა თავიდან ბოლომდე აგრესიასა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფაზეა დაფუძნებული. ვფიქრობ, რომ ომის დაწყება აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ამავე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. რუსეთს თვალი აქვს დადგმული ბალტიისპირეთის ქვეყნებზეც, თუმცა ლატვიის მოსახლეობაც და მთავრობაც შესანიშნავად აცნობიერებს, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. პროვოკაციულ ქმედებებზეც დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ. ამის მიუხედავად, რუსეთის დეზინფორმაციული მანქანა ცდილობს ლატვიაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებსა და ლატვიელებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე შუღლი გააღვივოს. ამ შემთხვევაშიც ადგილობრივი მედია რუსულ დეზინფორმაციას სიმართლეს და სწორ არგუმენტებს უპირისპირებს.
ჰიბრიდული ომის პირობებში რუსული პროპაგანდა ძალიან მძლავრად მუშაობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. ანტიდასავლური მედია და ტროლები ცდილობენ, ქართულ საზოგადოებაში ნიჰილიზმი და დასავლეთისადმი უნდობლობა გააღვივონ. რა არის ყველაზე მძლავრი იარაღი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ?
მარტივად გიპასუხებთ, – სიტყვის თავისუფლება. რუსული არხების აკრძალვა არ არის გამოსავალი. სოციალურ მედიაში მავნე დეზინფორმაციას გამხმოვანებლები მაინც გამოუჩნდება. მთავარი იარაღია სიტყვის თავისუფლება და საზოგადოების სწორად ინფორმირება. ასეთ შემთხვევაში ყალბი ახალი ამბები თავადვე გამოააშკარავებს მის სიყალბეს. დღეს კრემლის დეზინფორმაციული მანქანა ყველაზე ეფექტურად სამწუხაროდ უკრაინაში მუშაობს, მეორე ადგილზეა მოლდოვა, მათ შემდეგ მოდის საქართველო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი საზოგადოება თუ ცალკეული ჯგუფები სხვადასხვა მეთოდით მაინც ახერხებენ წინ აღუდგნენ სიცრუის მანქანას.
ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოდუნდეთ, პირიქით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სწორედ მიუკერძოებელმა, თავისუფალმა მედიამ უნდა იბრძოლოს და ამ ბრძოლაში მთავრობა მოქალაქეებთან ერთად უნდა ჩაერთოს.
თქვენმა ქვეყანამ წარმატებით გაიარა ის გზა, რომელსაც დღეს საქართველო გადის. რა რჩევას მისცემდით საქართველოს?
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის საქართველომ მიზანი უნდა დაისახოს. ეს მიზანი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და კანონის უზენაესობაა. იმავეს ვიტყოდი უკრაინასთან მიმართებაშიც და დავამატებდი, დასავლეთმა დონბასისთვის ახალი მარშალის გეგმა უნდა წარადგინოს. რამდენი თანხის გამოყოფაც იქნება საჭირო, იმდენი თანხა და რესურსი უნდა გამოვყოთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მანამდე კი ორივე ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის პირობები, რაც ევროკავშირის წევრობისთვის არის საჭირო. ეს გახლავთ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას 10 წელზე მეტხანს ელოდებოდა და ამ მოლოდინის პროცესში მთელი საზოგადოება ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა – დემოკრატია და თავისუფლება. ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი როგორც მთავრობისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამ ორს კი ერთმანეთთან მუდმივი დიალოგი უნდა ჰქონდეს და მთავრობა მოქალაქეებს უნდა უსმენდეს. ასეა ლატვიაში. 2004 წლის პირველ მაისს ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდით. იმავე წელს შევედით ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსშიც. ასე რომ, მჯერა, როგორც კი, საქართველო მზად იქნება, ევროკავშირისა და ნატო-ს კარი აუცილებლად გაიღება მისთვის. პირადად მე მაქვს განცდა, რომ ქართული საზოგადოება ყოველ წელს უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას.