ვალდის დომბროვსკისი - ევროკავშირის გაფართოება სწორი ნაბიჯი იყო როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა დარჩა ნაცრისფერ ზონაში, რუსეთსა და დასავლეთს შორის
გაფართოება იყო სწორი ნაბიჯი როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე სწრაფი რეაგირება, – ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.
ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის გაფართოება საერთო წარმატება იყო, მაგრამ ეკონომიკური უფსკრული წევრ ქვეყნებს შორის კვლავ სახეზეა, რადგან ბლოკს აქვს ეკონომიკური ზრდის უთანასწორობა და კონკურენტუნარიანობის გამოწვევები.
ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, უფრო მდიდარი ევროპული ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ და ჩინურ სუბსიდიებს, რისკის ქვეშ აყენებენ ერთიანი ბაზრის თანაბარ სათამაშო პირობებს.
„ყველა ქვეყანას არ აქვს თანაბარი შესაძლებლობები. სამხრეთის ქვეყნები და აღმოსავლეთის ქვეყნები ვერ შეძლებენ თავიანთი კომპანიების სუბსიდირებას ისე მასობრივად, როგორც გერმანია ან საფრანგეთი. ევროკავშირმა უნდა განიხილოს კავშირის მასშტაბით დაფინანსების ინსტრუმენტები, რათა დაიცვას თანაბარი სათამაშო პირობები. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი მოქნილობაა სახელმწიფო დახმარებაზე, მით მეტი მოქნილობაა საჭირო ევროკავშირის ბიუჯეტის გადანაწილებისთვის“, – აღნიშნა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა.
ევროკავშირის გაფართოების გეოპოლიტიკურ ზეგავლენაზე საუბრისას ლატვიელმა კომისარმა თქვა, რომ გაფართოებამ ევროკავშირი უფრო ძლიერ, დიდ გლობალურ მოთამაშედ აქცია და მტკიცედ მოათავსა ახალი წევრი ქვეყნები დასავლურ დემოკრატიულ სამყაროში.
დომბროვსკისის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში გაფართოება 2004 წელს იყო შესაძლებელი, რადგან ეს მოხდა მოკლე პერიოდში, როდესაც რუსეთი ნაკლებად ავტორიტარული იყო.
„ჩვენ გამოვიყენეთ გეოპოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა დარჩა ნაცრისფერ ზონაში, რუსეთსა და დასავლეთს შორის“, – აღნიშნა ევროკომისარმა.