ვაკო გვილია - ქართველები მსოფლიოში ყველაზე ოჯახის მოყვარული ერი ვართ
ვაკო გვილია - ქართველები მსოფლიოში ყველაზე ოჯახის მოყვარული ერი ვართ
„ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა და ფილმები ადამიანს განვითარებასა და სამყაროს უკეთ შეცნობაში ეხმარება. ასე უკეთესი გახდები“ – ამბობს ვაკო გვილია „ლეგიას“ ოფიციალური საიტისთვის (legia.com) მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავული გუნდის ნახევარმცველი გულშემატკივრისთვის სრულიად უცხო კუთხით გამოჩნდა. გაირკვა, რომ მას მხოლოდ ფეხბურთი არ აინტერესებს: 
„ახლახან წავიკითხე „ბერი, რომელმაც გაყიდა ფერარი“. ეს ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რომელიც წამიკითხავს. ჩემს ტოპ-3-ში ასევე შედის პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“ და ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“. საინტერესო წიგნებს სულ ვეძებ. ამაში ხელს ახლანდელი ვითარებაც მიწყობს. მაქვს რვეული, სადაც ყოველდღე სხვადასხვა ამბებს ვწერ. იქნებ, ერთ დღეს ეს წიგნი გამოვცე – ამაზე სერიოზულად ჯერ არ ვფიქრობ. მაგრამ შესაძლოა, ეს ნაბიჯი კარიერის დასრულების შემდეგ გადავდგა. ლექსებიც ძალიან მიყვარს. ძირითადად ქართული“ .
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის თქმით, მისი ინტერესები მხოლოდ ფეხბურთით არ შემოიფარგლება: 
„ბევრი ისეთი რამ მომწონს, რაც ფეხბურთთან დაკავშირებული სულაც არაა. რა თქმა უნდა, ფეხბურთი მიყვარს და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ნაწილია. მაგრამ სამყარო ფეხბურთით არ მთავრდება და განვითარება სხვა სფეროებშიც მსურს. მინდა უკეთესი ვიყო, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება“.
გვილიას თქმით, ბელარუსში, ბატე-ში გუნდის ბაზაზე ცხოვრობდა: „ტყეში მდებარე სანატორიუმში, მინსკიდან ერთი საათის სავალზე ვცხოვრობდით. ქალაქში მოგზაურობასა და უკან წამოსვლას ორი საათი სჭირდებოდა და ამაზე დროის დახარჯვა არ მინდოდა. ეს დრო უკეთ უნდა გამომეყენებინა. თანაც, ფეხბურთზე ვიყავი მობილიზებული, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ბევრს ვკითხულობდი და აღდგენისთვისაც საკმარისი დრო მქონდა. საერთოდ, კარიერისთვის ასი პროცენტით უნდა დაიხარჯო, რადგან საკუთარ თავს უნდა უთხრა – შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“.
25 წლის ნახევარმცველის თქმით, ქართველობა მსოფლიოში ყველაზე ოჯახის მოყვარული ერია: „საქართველოს ის ქვეყანაა, სადაც ოჯახი ყველაზე მთავარია. როდესაც საზღვარგარეთ წავედი, გამიკვირდა, ადამაინებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. საქართველოში კი ოჯახთან, ნათესავებტანდ ა მეგობრებთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. არ მინდა ვთქვა, რომ ვიღაც უკეთესი ან უარესია. ეს მხოლოდ მენტალიტეტის საკითხია – ამ მხრივ, ქართული მენტალიტეტი ძალიან სპეციფიკური და სლავურ ქვეყნებისგან სრულიად განსხვავებულია“.