ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით საინფორმაციო პავილიონები განთავსდა
ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძისა და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შეუძლია.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოსახლეობას პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ უკვე კონკრეტულ უბნებში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ბევრი ადამიანი სარგებლობს. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ზოგადად, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველაფერი, რისგანაც შედგება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვაკის რაიონშიც, ისევე, როგორც სხვა უბნებში, პარკირების ღირებულება ერთი საათი ერთი ლარი იქნება.
„ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. უფასო პარკირებით ისარგებლებენ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებიც, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება ერთი საათი ერთი ლარი, ხოლო პირველი 15 წუთი უფასო“, – განაცხადა კახა კალაძემ.