ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც ადვოკატმა, ზაზა ნაჭღებიამ განაცხადა, გამოკითხვაზე იმყოფებიან პროექტის მთავარი არქიტექტორი, შპს „ელემსის“ დირექტორი და დამფუძნებელი.
ადვოკატის თქმით, ვაკის პარკში შადრევნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის პროექტირება აღნიშნულმა კომპანიამ შეასრულა.
„ელექტროგაყვანილობის პროექტიც გაკეთებულია ამ კომპანიის მიერ. ყველაფერი იყო ევროპული სტანდარტების დონეზე. რას უკავშირება მომხდარი, ამაზე ვერავინ გეტყვით პასუხს, გარდა დეტალური ექსპერტიზისა“,- აღნიშნა ადვოკატმა.
კითხვაზე, რა სახის შემოწმება გაიარა შადრევანმა ექსპლუატაციაში გაშვებამდე, ნაჭღებია აცხადებს, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.
„ეს ნამდვილად არ ვიცი, ჩვენი კომპეტენცია არ არის. რაც შეეხება თვითონ საექსპორტო დოკუმენტაციის საპროექტო ნაწილს, საპროეტქო ნაწილმა გაიარა სრული ექსპერტიზა. პროექტი აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს.
არ ვიცით, აღნიშნული ტრაგედია რას უკავშირდება. ამაზე დღეს საქართველოში ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ ვერავინ“,- აღნიშნა ჟურნალისტებთან ადვოკატმა.