ვაკის პარკის წინასაპროექტო კვლევაზე, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ბრიტანული კომპანია იმუშავებს
ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევაზე, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს. გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან პროექტი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანიას ამ მიმართულებით მსოფლიო დონის გამოცდილება აქვს.
„ამ კომპანიას აქვს მსოფლიო დონის გამოცდილება რთული და მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღირშესანიშნავი ადგილების (მათ შორის, ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების) კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტირებასა და სტრატეგიების შემუშავებაში. მათ გამოცდილებაში არის არაერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი, პადუას ბოტანიკური ბაღები და ა.შ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვებულის გამოვლენა, დიდი ხანია გვინდა ამ პროექტის განხორციელება, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვარდებოდა ინტერესთა გამოხატვა და ვერ ვახერხებდით შეგვერჩია შესაბამისი კომპანია. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ძლიერი კომპანია იმუშავებს ამ პროექტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე განხორციელდება. ჩატარდება ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რასაც დაეყრდნობა პარკის ფუნქციური ზონირება. ამასთანავე, ჩატარდება პარკში არსებული მწვანე საფარის სრული ინვენტარიზაცია და შემუშავდება ახალი დენდროლოგიური პროექტი.
დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული მხარე წინასწარ იქნება ინფორმირებული.