ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა [ფოტო]
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევებისა და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე ხორციელდება.
„ფართომასშტაბიანი სამუშაოების ფარგლებში, უკვე განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. ასევე, მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები, ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტროობის სისტემები, ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი, დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე სრულად განახლდა მცენარეული საფარი – დაირგო სხვადასხვა სახეობის 5673 ძირი ბუჩქი და 1338 ძირი ხე. დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე სრულად განახლდა მცენარეული საფარი, განხორციელდა სანიტარიული ჭრა და დაირგო ახალი მწვანე ნარგავები.
სანიტარიული ჭრის ფარგლებში დაავადებული და ხმობადი ხეები მოიჭა. ამ ეტაპისთვის, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ჯამში, 12 088 ძირი ბუჩქი და 1 342 ძირი ხე დაირგო. გარდა ამისა, დამატებით 7 435 ძირი მწვანე ნარგავის დარგვა და 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის ჰიდრო თესვის პრინციპით დათესვაა იგეგმება. ზემოაღნიშნული სამუშაოების პარალელურად, დაიწყო ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით.
ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც. კერძოდ, დამონტაჟდება სრულიად თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია და წყლის ამოფრქვევას უზრუნველყოფს ნებისმიერი ფორმით. კასკადის პროექტირებისას სამუშაო შეხვედრა გაიმართა კასკადის ავტორების შვილებთან და ოჯახის წევრებთან, ხოლო ერთი საჯარო შეხვედრა ვაკის პარკში მოსახლეობასთან. მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.