ვახუშტი მენაბდე - საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე ერთმანეთთან შეთანხმებით უნდა წარადგინონ
ვახუშტი მენაბდე - საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე ერთმანეთთან შეთანხმებით უნდა წარადგინონ

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აჭარის კონსტიტუციისა და კონსტიტუციის ძირითადი ტექსტის ერთობლივი წაკითხვის შედეგად, პრეზიდენტი და მთავრობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე უნდა შეთანხმდნენ და კანდიდატი ისე წარადგინონ.

ჟურნალისტებთან საუბარში ვახუშტი მენაბდემ ის პროცედურები განმარტა, რომლის გათვალისწინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა ხდება.

„ეს არ არის ცენტრალური კონსტიტუცია და ავტონომიური კონსტიტუცია. ეს არის ორი დოკუმენტი, რომელიც მთლიანობაში საქართველოს კონსტიტუციას შეადგენს. ეს ორი აქტი თანაბარი ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. ნორმები, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებასა და ნდობის გამოცხადებას ეხება, ამ ორ დოკუმენტში სიტყვა-სიტყვით იდენტური არ არის. ამიტომ გვჭირდება, რომ განვმარტოთ. სამართალში ხშირად ხდება, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ წინააღმდეგობაა, მაგრამ ამ ნორმების განმარტების შემდეგ შეიძლება დადგინდეს, რომ ეს წინააღმდეგობა კი არ არის, უბრალოდ გარკვეული ბუნდოვანება და ხარვეზია, რაც შეიძლება გადაილახოს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ასეთი ვითარებაა – წინასწარი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყდება და ამის შემდეგ ახალი ნდობის გამოცხადება ხდება. ეს საკითხი დარეგულირებული არ არის, ეს საკითხი დარეგულირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციით, თუმცა იქ რაც წერია, ის პროცედურა არ ითვალისწინებს მთავრობის მონაწილეობას პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ ორი დოკუმენტი ერთობლიობაში უნდა წავიკითხოთ და ამის შედეგად კონსტიტუციის ნამდვილი აზრი იმაშია, რომ პრეზიდენტი და მთავრობა შეთანხმდნენ და ისე წარადგინონ კანდიდატი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრობლემა არ არის. პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ეს თანხმობა არ სჭირდება, მთავრობაც ეს პოზიცია გაიზიარა. ამიტომ, აქ პრობლემა არ არის. თუ ვერ შეთანხმდებოდნენ, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს აქვს პოლიტიკური უპირატესობა და ის იმ ნორმას ისე გამოიყენებდა, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა და თუ მთავრობა მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტის მიერ ამგვარი ნაბიჯი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ შეეძლო, პრეზიდენტის წინააღმდეგ ედავა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვითარება არ იქნება”, – განაცხადა მენაბდემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

საქართელოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. მისი თქმით, აჭარის მთავრობის მეთაურთან დაკავშირებით არ არის გათვალისწინებულია კონსულტაციები მთავრობასთან, გათვალისწინებული მხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტებთან.