ვახტანგ ყოლბაია - ჟენევის დისკუსიები საუკეთესო საშუალებაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავაგებინოთ ჩვენი პოზიცია
ჟენევის მოლაპარაკება გვაძლევს რუსებთან და აფხაზებთან საუბრის შესაძლებლობას. ეს დისკუსიები საუკეთესო საშუალებაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავაგებინოთ ჩვენი პოზიცია, – ამის შესახებ პირველ არხს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ ჟენევაში განუცხადა.
„ჩვენი მთავარი ამოცანააა დეოკუპაციის დაწყება და დევნილთა უპირობო დაბრუნების საკითხი. არ გვაქვს დიდად ხელშესახები შედეგები, მაგრამ აფხაზებს ვესაუბრებით სხვადასხვა თემაზე. ეს პროცესი მრავალწახნაგოვანია“, – განაცხადა ყოლბაიამ.
მისივე თქმით, საუბარი ეხება საარქივო მასალების გაცვლასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის აუცილებლობაზე.
„კონფლიქტის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სხვადასხვა კუთხით მივუდგეთ მთავარ საკითხს. მთავარი საკითხი და ამოცანა მშობლიურ კუთხეში დევნილთა დაბრუნებაა. აფხაზებს აინტერესებთ, რა ხდება, როგორ ხდება და შეიცვლება თუ არა მიდგომები. აფხაზებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დევნილთა დაბრუნება. ეს პოზიცია არ შეიცვლება და ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევადაა გადადგმული“, – აღნიშნა ყოლბაიამ.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი იმართება.