ვახტანგ შაქარიშვილი - ხაბეიშვილის ბრალდებები აბსურდული და გამოგონილია
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს შაქარიშვილის მეუღლის კომპანიასთან დაკავშირებით, გამოგონილსა და აბსურდულს უწოდებს.
შაქარიშვილის განცხადებით, მას და მის ოჯახს კომპანია „რეკ-დ“-ის საქმიანობიდან არც ერთი ლარის შემოსავალი არ მიუღია და შესაბამისად, არარსებულ შემოსავალს დეკლარაციაში ვერ ასახავდა.
„ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი იმიტომ, რომ ძალიან მარტივია აბსურდულ და გამოგონილ ბრალდებებზე პასუხი. მე საზოგადოების წინაშე ვარ სუფთა, აბსოლუტურად მართალი, ხოლო ისინი მსგავს ბინძურ მეთოდებს გვიპირისპირებენ. ასეთი ბინძური წესებით ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას არ შევარჩენ, არ გავჩერდები. მრავალჯერ დავანახებ საზოგადოებას მათ რეალურ სახეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცალსახად, ჩემს ოჯახს და მე აღნიშნული კომპანიის საქმიანობიდან არც ერთი ლარი შემოსავლის სახით არ მიგვიღია. შესაბამისად, დეკლარაციაში არარსებულ შემოსავლებს ვერ ავსახავდი“, – განაცხადა შაქარიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან უსუსური ბრალდება მისი, მისი ოჯახისა და პოლიტიკური პოზიციის მისამართით.
ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს თავად აცნობა მეუღლის კომპანიის შესახებ. როგორც საკრებულოს დეპუტატი განმარტავს, მისი მეუღლე აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელია, თუმცა, მის ბიზნეს საქმიანობაში არ მონაწილეობს.
„მე ვაცნობე ამასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს, მივწერე წერილი და ველოდები მათ გამოხმაურებას. დარწმუნებული ვარ, კანონისა და საზოგადოების წინაშე მე ვარ აბსოლუტურად სუფთა და მართალი. ჩემი მეუღლე ფლობს 50 პროცენტიან წილს და არის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაგრამ წლებია კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში არ მონაწილეობს. კომპანია აღნიშნული საქმიანობიდან არ გასულა მოგებაზე და არ მიუღია შემოსავალი არც ერთი ლარი“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა დღეს საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საჩივრით მიმართა და ვახტანგ შაქარიშვილთან დაკავშირებით საქმის შესწავლას მოითხოვა. ხაბეიშვილმა დოკუმენტი წარადგინა, რომლის მიხედვით, მისივე თქმით, შაქარიშვილის მეუღლის კომპანია „რეკ-დ“-ის თბილისის მერია ხელშეკრულებებს ტენდერის გარეშე, პირდაპირ უფორმებს. დოკუმენტების მიხედვით, ჯამში კომპანიისთვის 200 ათას ლარზე მეტია გადარიცხული. ამასთან, ხაბეიშვილის განცხადებით, შესული თანხა შაქარიშვილის დეკლარაციაში ასახული არ აქვს.