ვახტანგ შაქარიშვილი - ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უკვე ვნახეთ, ციფრები მისი ძლიერი მხარე არ არის
ვახტანგ შაქარიშვილი - ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უკვე ვნახეთ, ციფრები მისი ძლიერი მხარე არ არის

ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უკვე ვნახეთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „დაიცავი საქართველო“ 3 პროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავს.

შაქარიშვილის შეფასებით, ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე არ არის.

„მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, არ შევიდოდი. თანაც ვიცით, ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური ერთხელ უკვე აუწიეს. ვურჩევდი, ამ ველზე ისედაც შესული არიან, მაგრამ უფრო სიღრმეებში ნუ შევლენ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიფით გაგრძელებული, მოატყუა, მეც იქ ვიყავი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისი თქმით, ოთახში, სადაც ე.წ.მესიჯბოქსი იწერება, ინტელექტუალური კრიზისია.

„მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ხელისუფლებაში ვიყავი და ოპოზიციაში წავედი, ეს არის პოლიტიკური ინტერესი“? – განაცხადა შაქარიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ასევე ყოფილი წევრი ჯაბა ჯიშკარიანიც გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნება“ და საკრებულოს უმრავლესობა გასულ კვირაში შაქარიშვილთან ერთად დატოვა.

მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძეს და არამარტო მას, კომპლექსი ახრჩობს.

„ახრჩობს ეს კომპლექსი და ვერ გამოვიდა არამარტო კობახიძე ამ კომპლექსიდან. მინდა, ამ ადამიანს ვუთხრა – ბატონო ირაკლი, რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენჯერ ვარ დაპატიმრებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. გასაგებია, რომ ახრჩობს ეს ბოღმა და არამარტო ამ ადამიანს, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რა არის ჩვენი პლუსი და მინუსი. ამას ძალიან მალე დავინახავთ თითოეული ჩვენგანი, არამხოლოდ თბილისის, რეგიონების მასშტაბითაც“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, „დაიცავი საქართველო“ არ აპირებს კენჭისყრას და მმართველ პარტიას სურს, ასე წარმოაჩინოს ვითარება.

„ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც დაიძახა და სამოქალაქო აქტივისტების შეკრება მოაწყო. გასაგებია, რომ მათ აქვთ დაწერილი მესიჯები და ამ მესიჯებით ნამდვილად ვერ გავლენ ფონს“, –  განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

„დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილის შეკრების შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „ზოგად სურათს თუ ნახავდით, ლიდერებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ დარბაზში, აშკარაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, 3 პროცენტამდე ასვლა არის ძალიან რთული“.