ვახტანგ მეგრელიშვილი - წარმოდგენა არ მაქვს, წაიკითხავს თუ არა საზოგადოების პრობლემებს ეს პარლამენტი, მაგრამ დეპუტაციით შევსება ეს არის შანსი, რომ გახდეს ადეკვატური 
ვახტანგ მეგრელიშვილი - წარმოდგენა არ მაქვს, წაიკითხავს თუ არა საზოგადოების პრობლემებს ეს პარლამენტი, მაგრამ დეპუტაციით შევსება ეს არის შანსი, რომ გახდეს ადეკვატური 

შევსება, ეს არის შანსი ამ პარლამენტისთვის, რომ გახდეს ადეკვატური, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„წარმოდგენა არ მაქვს, წაიკითხავს თუ არა საზოგადოების პრობლემებს ეს პარლამენტი, მაგრამ დეპუტაციით შევსება ეს არის შანსი ამ პარლამენტისთვის, რომ გახდეს ადეკვატური და უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას.  არ მახსოვს, რომელიმე პარლამენტს რგებოდა ამხელა ნეგატივი, რომ ფიზიკურად, არც კი დაეწყო მუშაობა. ერთი წელიწადი უბრალოდ, დაიკარგა; ადამიანების ერთი ნაწილი ამ პარლამენტს ჯერ კიდევ არალეგიტიმურს ეძახის და რაღაც უცნაური პარლამენტია, მაგრამ რაც არის, ეს არის. ეს მივიღეთ და შესაბამისად, გვაქვს შანსი, ვცადოთ ლაპარაკი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამ განცხადებით ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შედეგად შევსებული პარლამენტი იქცეს ადგილად, სადაც საზოგადოების პრობლემებს სწორად წაიკითხავენ, ანუ ზევიდან ქვევით.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტებმა პოლიტიკოსები უნდა ალაპარაკონ ისეთ თემებზე, რომელიც მათთვის კომფორტული არ არის.

„სინამდვილეში, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს, მოთხოვნა შევქმნათ. შეიძლება, ეს მედიის და ისეთი ჟურნალისტების გასაკეთებელია, ვისაც შეუძლია, პოლიტიკოსები ისეთ თემებზე ალაპარაკოს, რომელიც მათთვის კომფორტული არ არის“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მცირე ოპოზიციურ პარტიებს შანსი, რომ საინტერესო თემები შემოიტანოს იმ მოცემულობაში, როცა მმართველი პარტია და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე უპირისპირდება, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დგას, მაგრამ დანარჩენ ოპოზიციას არ სძინავს.

„მე არ შემიძლია, წინასწარ წარმოვიდგინო, რა ტექნიკურ საშუალებებს გამოიყენებენ საპარლამენტო ბრძოლისთვის ეს პარტიები, მაგრამ ჩვენც ხომ არ გვძინავს?! ჩვენც ხომ იქ ვართ და შესაბამისად, მოვიფიქრებთ რამეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად კარგად ესმის პოლიტიკურ სუბიექტებს ის კონტექსტი და რეალობა, რაშიც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია იქნა მიღებული, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, პოლიტიკურ სუბიექტებს ამ რეალობის წარმოდგენა არ აქვთ.

„ვფიქრობ, ყველაზე კარგი რეზოლუცია იქნებოდა ის, რაც იქნებოდა ყველაზე გულწრფელი ჩვენი მხრიდან. მთავარი იყო, ჩვენ ერთად, ერთმანეთის მიმართ ნდობით გამსჭვალულებს, მხარი დაგვეჭირა უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. აი, ეს არის პრობლემა, თორემ იმ რეზოლუციაში არ მგონია, რამე ისეთი განსაკუთრებული პრობლემა იყოს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეკითხვაზე, არის თუ არა სიახლე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ ამ მიმართულებით ახალი არაფერია.

„ქართულ ოცნებას“ ჯერ უკან არ წაუღია თავისი ნათქვამი, მაგრამ ყველაფერი იმდენად არასტაბილურია, რომ ვერასოდეს გაიგებ, ხვალ რა იქნება. ნდობა იმდენად დაბალია, რომ მომავლის განჭვრეტა არის ძალიან რთული. აი, ამიტომ ვართ არასტაბილური ქვეყანა; ამიტომ შეიძლება, ნებისმიერი კატაკლიზმი დაგვემართოს და, ამიტომ გვემუქრება ის რისკები, რომლებიც, პრობლემებზე რომ ვლაპარაკობთ, შეიძლებოდა, წინასწარ მსჯელობაში გაგვეთვალა და თავიდან აგვერიდებინა. აი, ამიტომ ვერ გპასუხობთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხზეც, რადგან კაცმა არ იცის, როდის გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, რომ 2%-იანი ბარიერის მაგივრად 5%-იანი იყოს და ეს გააფორმოს, როგორც ქვეყანაში სტაბილურობის გარანტია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.