ვახტანგ მეგრელიშვილი - ვვარაუდობ, რომ საკითხი, რაზეც ვერ ვთანხმდებით, პოლიტპატიმრების თემას ეხება, დანიელსონის ხშირი ვიზიტი პრეზიდენტთან ამ ეჭვს უფრო მიმძაფრებს
ყველა საკითხი, რომელიც იყო პრეზიდენტის მიერ დატოვებული, იგივე საკითხები არის მაგიდაზე, ოღონდ მეტი დეტალიზაციით. მაგრამ რაზეც ვერ ვთანხმდებით, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები მქონდეს. ჩემი ვარაუდით, ეს ეხება პოლიტპატიმრების თემას. დანიელსონის ხშირი ვიზიტი პრეზიდენტთან ამ ეჭვს უფრო მიმძაფრებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მეგრელიშვილის აზრით, მხარეები ჯერ უნდა შერიგდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯერ არ ჩანიშნულა შეხვედრა, ველოდებით, რომ ჩაინიშნება. პროცესის ცაიტნოტირობიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, დღეს უკვე კონკრეტული წინადადებები იქნება მოტანილი. რიგგარეშე არჩევნებზე მე ჩემი პოზიცია გითხარით. ევროკავშირის პოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ნათელია. რიგგარეშე არჩევნები საქართველოში თუ უნდა ჩატარდეს, „გირჩის“ აზრით, ის უნდა ჩატარდეს სხვა მოტივით. არა იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა, არამედ სხვა მოტივით, რადგან ახალი პოლიტიკური რეალობა გვაქვს და ამ პოლიტიკური რეალობის დალაგება შეიძლება მხოლოდ მშვიდ ვითარებაში. ანუ ჯერ უნდა შერიგდნენ მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ვისაუბროთ რიგგარეშე არჩევნებზე ისე, რომ არც ერთი მხარე არ გრძნობდეს თავს დამარცხებულად ან გამარჯვებულად.
ჩემი ვარაუდია, რომ პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, დაძაბულობა მოიხსნას. გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება მელიას დაჭერის წინ, მიუხედავად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენი დაპირისპირებისა. ჩვენ ძალიან არ გვინდოდა, რომ ასე განვითარებულიყო მოვლენები. პირველი შეხვედრა იყო, როდესაც დანიელსონი ოპოზიციას შეხვდა და მაშინ, შეხვედრის დაწყებისას ზოგადი მიმოხილვის დროს მან თქვა, რომ ჩვენი, ანუ საქართველოს პრობლემა არის ის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებაში გვაქვს, რაც უნდა დავასრულოთ. დავასრულოთ დაპირისპირება. განსაკუთრებით ზუსტად ეს შედის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებში. თუ ჩვენ გვინდა ევროპული გზა, მაშინ ფაქტობრივად, იმ საქმით უნდა დავკავდეთ (საუბარია მოლაპარაკებაზე, შეთანხმებაზე, შერიგებაზე), რასაც ახლა ხელმძღვანელობს დანიელსონი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: „დანიელსონმა პირდაპირ თქვა, რომ რუსულ საქმეს აკეთებთ?“, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი შეფასება იყო და არა განცხადება.
„ეს იყო უბრალოდ მისი შეფასება და არა განცხადება. ასე დაიწყო შეხვედრა და ეს იყო ადამიანური საუბარი. ბუნებრივია, ეს განცხადებები და ის, რომ ევროკავშირი ასეთი ჩართულია, ნათელს ხდის მის პოზიციას, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი კომპრომისისკენ. ანუ უნდა დაიხიოს მისი საწყისი პოზიციებიდან. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ამისთვის მზად არის, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ჯერ არ ჩანდა ეს. ვფიქრობ, დღევანდელი დღე და უახლოესი დღეები არის იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოჩნდეს, რაში მდგომარეობს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯი. ჩვენი პოზიცია იცის საზოგადოებამ, ამაში ახალი არაფერი არ არის, მაგრამ დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს გაყალბების მიზეზით, სავარაუდოდ ეს პასუხი მათ გასაცემი ექნებათ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.