ვახტანგ მეგრელიშვილი - ვნახე „ლელოს“ განცხადებების კომპილაცია გახარიაზე და შემეშინდა, რომ მათი გაერთიანება შეიძლება ვერ შედგეს, ვგულშემატკივრობ და მინდა, პროცესი დროზე დასრულდეს
ძალიან ვგულშემატკივრობთ პოლიტიკური ძალების გაერთიანებას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მისი სურვილია, რომ პროცესი მალე დასრულდეს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები არიან ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ყველა დანარჩენი ამ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. ამ გაერთიანებას ვგულშემატკივრობ, მაგრამ გუშინვე ვნახე „ლელოს“ განცხადებების კომპილაცია გახარიაზე და შემეშინდა, რომ ეს გაერთიანება შეიძლება ვერ შედგეს. ძალიან ვგულშემატკივრობ. ასე ბევრად უფრო გასაგები იქნება ამომრჩევლისთვის, რომ ხმა „გირჩს“ უნდა მისცეს. მინდა, ეს პროცესი დროზე დასრულდეს და პრეზიდენტს ამ მედიაციის პროცესში წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება. ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და განაცხადა, რომ პრეზიდენტთან ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ერთმანეთს პირადად უნდა შეხვდნენ.