ვახტანგ მეგრელიშვილი - ვერ წარმომიდგენია, როგორ გაგრძელდება სამყაროს განვითარება, თუ დემოკრატები აშშ-ის ხელისუფლებაში დარჩებიან, შემიძლია, ავხსნა, რატომ მიმაჩნია მათი იდეოლოგია პრობლემად
მე ვერ წარმომიდგენია, როგორ გაგრძელდება სამყაროს განვითარება, თუ დემოკრატები ხელისუფლებაში დარჩებიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა აშშ-ის არჩევნებზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლია ახსნას, რატომ მიაჩინა დემოკრატების იდეოლოგია პრობლემად, როგორც ამერიკელებისთვის, ისე საქართველოსთვის.
„მე ვერ წარმომიდგენია, როგორ გაგრძელდება სამყაროს განვითარება, არ მინდა, მაგაზე ვიფიქრო, თუ დემოკრატები [ხელისუფლებაში დარჩებიან]. ეს ჩემი დამოკიდებულებაა, როგორც პოლიტიკოსის, რომელსაც გამაჩნია ჩემი იდეოლოგია და შემიძლია, აქედან გამომდინარე ავხსნა, რატომ მიმაჩნია ეს პოლიტიკური პარტია და მისი იდეოლოგია პრობლემად, როგორც ამერიკელებისთვის, ისე საქართველოსთვის და რატომ მგონია, რომ ამ კონკრეტულ, ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ამერიკაში ასევე შეიცვალოს, რა შანსებს გვაძლევს ეს ჩვენ და როგორ ვხვდებით ამ სიტუაციას.
ჩემმა ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს ჩემი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს, ჩემი აზრით, დემარშების მოწყობის უფლების მიცემა არ შეიძლება საკუთარი თავისთვის, როცა ხელისუფლებაში ხარ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.