ვახტანგ მეგრელიშვილი - ვეჭვობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის მხარდამჭერთა რიგს ვიღაც გამოაკლდებოდა, 18 აპრილი იქნება ლუსტრაცია, ვინ არის ოპოზიციაში
ეჭვი მეპარებოდა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა. ვეჭვობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მხარდამჭერების რიგს ვიღაც გამოაკლდებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაუხარდება, თუ ოპოზიციიდან კომისიის შექმნას ყველა დაუჭერს მხარს.
„ამერიკული სანქცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველია. მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს სასამართლოში. ევროკავშირის გზაზე ერთ-ერთი, რაც უნდა მოვაგვაროთ, ეს არის სასამართლო სისტემის პრობლემა, მაგრამ როცა საორგანიზაციო საკითხებზე შევხვდით, ეჭვი მეპარებოდა, რომ კომისია შეიქმნებოდა. ვეჭვობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მხარდამჭერების რიგს ვიღაც გამოაკლდებოდა. ახლა იმხელაზეა ტემპერატურა აწეული, რომ ოპოზიციის ნებისმიერი დეპუტატის სხდომაზე არმოსვლა და ღილაკზე ხელის არდაჭერა, ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ის გადავიდა „ქართულ ოცნებაში“. ძალიან მომწონს ის ამბავი, რომ 18 აპრილი იქნება ლუსტრაციის – ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნება დავინახოთ, ვინ არიან ოპოზიციაში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.