ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია

ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რაღაც ფორმა შეიძინონ და საკუთარი სახე ჩამოაყალიბონ.

„კითხვა მაწუხებს, რას ნიშნავს, საქართველოში პროდასავლურობა და პრორუსულობა, ეს ემოციით ფასდება და არა რწმენით. სინამდვილეში, მივესალმები იმას, რომ ეს კონკრეტული პარტიები რაღაცნაირად გაერთიანდნენ, რადგან ჩემი წარმოდგენით, ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, რამდენიმე პარტიას მოუწევს გადააზრება საკუთარი მდგომარეობის, მაგრამ ყველაფერი მაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იქნება დამოკიდებული. ვიდრე ამ პარტიის ბედი რეალურად არ გაირკვევა, მანამდე მსგავსი მოძრაობები არაფერს ნიშნავს, რადგან ყველა ცდილობს, წარმოუდგინოს რეალობა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ და იმ რეალობაში წარმოადგინოს საკუთარი თავი.

სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რაღაც ფორმა შეიძინონ და საკუთარი სახე ჩამოაყალიბონ, რადგან დღეს არავინ იცის, არც ერთი პარტიის შესახებ – რას იზამდა, რომ უცებ, მის ხელში ხელისუფლება აღმოჩნდეს. სწორედ აქედან იწყება – ვინ არიან ეს პარტიები, რისი სჯერათ, ანუ სხეული რომ მათია, ამის მათ მაინც სჯერათ თუ სხვა რამეა და საერთოდ, რას თვლიან პროდასვლურობად და პრორუსულობად? ჩვენ შორის ერთმანეთში არსებული კონფლიქტი მართლა არ არის პროდასავლურობა და მთავარი ბარიერია ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა მაგრელიშვილმა.

ამასთან, როგორც „გირჩის“ წევრმა აღნიშნა, ვაშაძის, ხოშტარიასა და ჯაფარიძის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი დაიკავოს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ გაჩნდა იდეა პრაიმერის თაობაზე, ამას ვეთანხმებოდი, რადგან ეს მართლა იქნებოდა პარტიების შოუ, სადაც თითოეულ პარტიას საკუთარი პოზიცია საზოგადოებისთვის უნდა გაეცნო. ახლა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რას ვეუბნებით? – „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან ოკუპანტთან. ზუსტად ანალოგიური ბრალდებებია მეორე მხრიდან. შეუძლებელია, რომ ასეთი დაპირისპირებული მხარეები ოდესმე რაიმე კონკრეტულ თემაზე შეთანხმდნენ და თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ისინი თანამშრომლობენ. მაშინ, გამოვა, რომ თანამშრომლობენ მტერთან. აქედან გამომდინარე, ამ სამეულის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს სურვილი აქვს, დაიკავოს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი. არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, „ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე უნიჭოები არიან?“, მეგრელიშვილმა განაცხადა:

„ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ. ვაშაძე და ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უნიჭოები არიან. ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეხმარა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მგონი, დაიჯერა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს.