ვახტანგ მეგრელიშვილი - თუ „გირჩის“ სარჩელი დაკმაყოფილდება და მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელიც გაუქმდება, ეს ნაწილობრივი ლეგალიზაცია იქნება
თუ საკონსტიტუციო სასამართლო „გირჩის“ სარჩელს დააკმაყოფილებს და მარიხუანას მოხმარებისთვის დაწესებულ ადმინისტრაციულ სასჯელსაც გააუქმებს, ეს იქნება მარიხუანას ნაწილობრივი ლეგალიზაცია, – ამის შესახებ სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ლეგალური მხოლოდ მარიხუანას მოხმარება იქნება და არა გასაღება ან ბრუნვა.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, მისაღები იქნება რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს მცენარის კულტივაცია და მისი კანონიერი გასაღება.
„ეს გადაწყვეტილება იქნება სტიმული, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სწორედ ეს ნაწილები რეგულაციაში მოიყვანოს ან გადაწყვიტოს, რომ არ არეგულირებს – ეს მისი საქმეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ამას დავარქვათ ნაწილობრივი ლეგალიზაცია, ნაწილობრივი იმ ნაწილში, რომ მომხმარებლის კუთხით ეს იქნება ლეგალიზებული, ყველა დანარჩენი კუთხე, ბრუნვა, გასაღება, კანონიერ გასაღებას ვგულისხმობ, ისე როგორც ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ, ვაშლი შაქარი ან ჩაი, ეს წესები მანამდე არ იქნება დადგენილი, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ამიტომ ეს ლეგალიზაცია არ იქნება სრულფასოვანი, ისეთი, რომელსაც იღებს რომელიმე ქვეყანა, რომელიც ლეგალიზაციას ახდენს არა მარტო მომხმარების, არამედ ბრუნვისაც“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დასრულდა „გირჩის“ სარჩელის არსებითი განხილვა. მოსარჩელე მხარე მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ მოქმედი ნორმა ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.
სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მხარეებთან ერთად დღეს ექსპერტებსაც მოუსმინა და არსებითი განხილვის პროცესი ცხრა საათში დასრულდა. როდის გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას, უცნობია.