ვახტანგ მეგრელიშვილი - სინამდვილეში, ნიკა მელია მე მირეკავდა, გვინდოდა, მოლაპარაკებებზე ოპოზიცია ერთიანი ყოფილიყო და ნიკას ვთხოვეთ დახმარება, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა
ვახტანგ მეგრელიშვილი - სინამდვილეში, ნიკა მელია მე მირეკავდა, გვინდოდა, მოლაპარაკებებზე ოპოზიცია ერთიანი ყოფილიყო და ნიკას ვთხოვეთ დახმარება, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა

სინამდვილეში, ნიკა მელია მე მირეკავდა, ჩემი ტელეფონი იყო, გვინდოდა მოლაპარაკებებზე ოპოზიცია ერთიანი ყოფილიყო და ნიკას ვთხოვეთ დახმარება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, „გირჩს“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან პოზიციის შეჯერება სურდა, რაში დახმარებაც ნიკა მელიას სთხოვეს.

„სინამდვილეში, ნიკა მელია მე მირეკავდა, ჩემი ტელეფონი იყო და ხმამაღალზე იყო ჩართული. პრობლემა არის არა კონკრეტული კონფლიქტი პოლიტიკოსებს შორის, არამედ მიზეზი, თუ რატომ არის ეს კონფლიქტი. მიზეზი არის ძალიან მარტივი, ჩვენ გვინდოდა, რომ ოპოზიცია ამ მოლაპარაკებებზე ყოფილიყო ერთიანი და ნიკას ვთხოვეთ ამაში დახმარება. სანაცვლოდ ნიკამ გვთხოვა, რომ შევრიგებოდით სხვა ოპოზიციონერებს. ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ მერე გამოვიდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რამდენიმე დღეში გაეუქმებინათ რაღაც მანდატები. ნიკამ გვითხრა, რომ არ გამოდისო, ხომ ხედავთ, აზრი არ აქვსო. ნუ თუ აზრი არ აქვს, ჩვენ იმ ხალხთან შერიგება კი არ გვინდოდა, ჩვენ გვინდოდა საქმის გაკეთება და პოზიციის გაგება, ვინ რა პოზიციაზეა ამ მოლაპარაკებების ბოლო შანსის წინ. სულ ეს იყო კონფლიქტის მიზეზი, არანაირი პიროვნული დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენ არ მიგვაჩნია პიროვნული საკითხები პოლიტიკაში მნიშვნელოვნად და კონფლიქტები, რომელიც ჩვენ მოგვდის დაკავშირებულია საქმესთან.

არასასიამოვნო, მძიმე საუბარი იყო. ჩემ გვერდით არ დადგები, ესა, ისა და ეს საუბარი უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ, აღიქვათ მუქარად ან არ აღიქვათ. უბრალოდ შეუძლებელია, იაგო ხვიჩიას ასეთი საუბარი მუქარად აღექვა.

ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გვინდა ჩვენი იდეების გაჟღერებისთვის გამოვიყენოთ. როდესაც ასეთი უცნაური სიტუაციაა, როდესაც ქვეყანაში შეიძლება პარლამენტი არ გვქონდეს და ზოგადად, არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა ქვეყანაში, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთ დროს თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავდაცვის უფლება. იცით, რომ ეს „გირჩის“ დიდი ხნის პოზიციაა და მაშინ, როდესაც ასეთი კონფლიქტები ხდება, იაგომ გამოიყენა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა: აი, ჩვენ, პარლამენტარებს, დღეს გვაქვს იარაღის ტარების უფლება, ამის უფლება, იმის უფლება და ეს უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, რათა არავინ აზრად არ გაივლოს ძალადობა. ზოგადად, ასეთი საზოგადოებისთვის ვცდილობთ „გირჩი“ ყველაფრის გაკეთებას, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, „გირჩის“ სურვილია ოპოზიციის გაერთიანება და საერთო აზრზე ჩამოყალიბება. ამასთან, მეგრელიშვილის თქმით, მათ სურდათ გაერკვიათ, რამ გამოიწვია გაუგებრობები „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, მისივე თქმით, ნიკა მელია ამ უთანხმოების მოგვარებას ცდილობდა.

„სინამდვილეში, ნიკასთან საუბარი გვქონდა, რომ მოდი, ოპოზიცია მთლიანობაში გავერთიანდეთ, რათა მოლაპარაკებებზე მივიდეთ ერთიანი პოზიციით. მას შემდეგ, რაც ჩვენ ლაპარაკი დავიწყეთ, მოდი ახლა მართლა ვთქვათ, აი, გიორგი ვაშაძესთან რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, „ევროპულ საქართველოსთან“ რატომ მოხდა, ახლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რა ხდება. ეს ყველაფერი ხომ ერთი და იმავე თემიდან გამომდინარე პრობლემებია და მოდი, ვთქვთ რა პოზიციები გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით საჯაროდ, რადგან თუ კრიზისი მოვიღეთ, შემდეგ აუცილებად იქნება დაბრალება, ვის რა როლი ჰქონდა ამ კრიზისის გამოწვევაში. ჩვენ გვინდა რომ ნათელი იყოს ეს პოზიციები. ხოდა რომ ვიკრიბებით ხოლმე, ჩვენ არ დაგვპატიჟეს. მას მერე კონფლიქტი დაიწყო, რადგან ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი და ვთქვით, რომ მოდი ვისაუბროთ, მოლაპარაკების მაგიდასთან რა პოზიციები გვაქვს თითოეულ პარტიას. ამ დროს დაიწყო ჩვენ მიმართ ასეთი უცნაური გაუგებრობები, ჯერ ერთი არ დაგველაპარაკა, მერე ვიღაცებმა განგრენა დაგვიძახეს, ნიკა იდეაში ცდილობდა ამის ადამიანური თვალსაზრისით მოგვარებას, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენ ერთიანად არ შეგვიძლია ერთამენთთან ვილაპარაკოთ და პოზიცია ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე „გირჩისთვის“ ვადამდელ არჩევნებზე მეტად, მნიშვნელოვანია პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხი, ნულოვანი ბარიერით.

„ჩვენი პოზიცია არის რომ ამ მოლაპარაკებებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დევს, რომლის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვადამდელი არჩევნები. ეს არის პროპორციული უბარიერო არჩევნები დღეიდან, ანუ ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არა 120/30-ზე რომელიც ახლა იყო და რამაც გამოიწვია დღევანდელი პრობლემები, არამედ ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, მაგრამ 5 პროცენტიანი ბარიერის გარეშე, რაც 2024 წელს არის. ანუ ჩვენნაირი პატარა პარტიები რომ დატოვოს საერთოდ პოლიტიკური პროცესის მიღმა და ამაში ვთხოვდით დახმარებას „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და სხვა პარტიებსაც, რომ ეს საკითხი ყოფილიყო აქტუალიზებული მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, როგორია ალეკო ელისაშვილთან „გირჩის“ თანამშრომლობის პერსპექტივა, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ რეალურად ამ პროცესზე გავლენის მოხდენა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოზრაობას“ შეუძლიათ.

„ალეკო ელისაშვილის პოზიცია ჩვენ ვიცით, რომ თუ ეს საკითხი დადგა, ალეკოც ამ პოზიციას დაიკავებს, მაგრამ ისიც ისეთი პატარა პარტიაა, რომლის აზრს არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამ პროცესზე. ამ პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ ფასილიტატორები ვართ რეალურად“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, როგორი პოზიცია აქვთ მათ ქუჩის აქციებთან დაკავშირებით, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩი“ მოგვიანებით გადაწყვეტს, როგორი იქნება მისი მოქმედების სტრატეგია, თუ შეთანხმება არ შედგება და მოლაპარაკებები ჩავარდება.

„ჩვენ ჯერ ვართ ამ ფორმატში, ვიდრე მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. როდესაც გამოცხადდება რომ დასრულდა, მოლაპარაკებები ჩავარდა, მაშინ რა სტრატეგიას ავირჩევთ, იმ მომენტში გადავწყვეტთ. ის რომ პარლამენტში არ შევალთ, ეგ ცნობილია, მაგრამ ზოგადად, რას გააკეთებს „გირჩი“, რავიცი, რასაც ვაკეთებდით, უბრალოდ ალბათ გარემო იქნება შეცვლილი. ახლა შეუძლებელია იმის თქმა, არათუ „გირჩი“, არამედ საერთოდ ამ ქვეყანაში ვინმე რას გააკეთებს, თუ ეს მოლაპარაკებები ჩავარდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას ნიკა მელიამ დაურეკა და „ცუდი საუბარი ჰქონდათ“. ამასთან მისივე თქმით, თუ ეს მელიას მხრიდან მუქარა იყო, ის აპირებს პარლამენტს იარაღის ტარების ნებართვისთვის მიმართოს.