ვახტანგ მეგრელიშვილი - შესაძლოა, ჩვენს მეგობრებს ნორმალურები წარმოვუდგენივართ და არა ისეთი გიჟები, როგორებიც სინამდვილეში ვართ
„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რაღაც ხომ უნდა შემომთავაზოს, რომ ჯერ ერთი, მართლა არ მეშინოდეს, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, როცა ის კონსტრუქციულს აღარ დაუძახებს, ისე მოექცევა, როგორც მოექცა მელიას და რურუას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„დროებითი საგამოძიებო კომისია ბუნებრივია, ძალიან კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ ერთი წამით ეს გვერდზე გადავდოთ. ისეთი რაღაც ხომ უნდა შემომთავაზოს, რომ ჯერ ერთი მართლა არ მეშინოდეს, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, როცა ის კონსტრუქციულს აღარ დაუძახებს, ისე მოექცევა, როგორც მოექცა მელიას და რურუას. წარმოიდგინეთ, ახლა მოვწონვარ და შემდეგ რომ აღარ მოვწონდე, მეც უნდა დამიჭიროს? ამაზე ხომ დასალაპარაკებელია, გასარკვევია ეს ამბავი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ნიკა მელია საპატიმროში არ მოწონების გამო არის, მეგრელიშვილმა განაცხადა:
„აბა, თქვენ ფიქრობთ, რომ გიორგი რურუას და ნიკა მელიას რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიები აინტერესებთ და თავიანთი რწმენისთვის იბრძვიან? ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს, თუ სისტემა ყურადღებას მიაქცევს, ყველანი ვიქნებით დასაჭერი. ვიდრე სასამართლო არ გვაქვს, პოლიტიკოსების დაჭერა არ შეიძლება. ეს ამბავი ვალდებულების მსგავსად არის“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ამასთან , ჟურნალისტის კითხვაზე: „რა იყო მედიატორის შემოთავაზება. მაგალითად, შალვა ნათელაშვილმა თქვა, რის გამოც დატოვა შეხვედრა, რომ ტექსტი იწყებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლით, მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმების გატარებით, ანუ ერთობლივი მუშაობით, ასევე საუბარი იყო ძალაუფლების გადანაწილებაზეც, ადასტურებთ თუ – არა ასეთ მონახაზს, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ პრეამბულა ასეთი იყო.
„ხომ გითხარით, ყველა პოლიტიკოსმა ისე გამოიტანა შინაარსი, რომ არაფერი დაფარული არ არის. პრეამბულა ასეთი იყო, დანარჩენები კი ერთ-ერთი ვერსიის ნაწილი“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.
გადაცემის წამყვანმა „გირჩის“ წევრს ასევე ჰკითხა, ამ ნაწილშიც ხომ არ იყო ორივე მხარის მიერ უარი, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ ყოველთვის ყველაფერზე უარი იყო.
„ყველაფერზე ყოველთვის უარი იყო. ჩემი აზრით, თანამდებობები საერთოდაც უხერხული იყო, რა დროს თანამდებობებია. შეიძლება, ჩვენს მეგობრებს ჩვენ ნორმალურები წარმოვუდგენივართ და არა ისეთი გიჟები, როგორებიც სინამდვილეში ვართ და ჩათვალეს, რომ ასე ოპოზიციას მეტი ბერკეტი მიეცემოდა. მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ეს რომ მოსყიდვად იქნება განხილული და შალვა ნათელაშვილი ამას რომ გააკეთებს, ხომ გასაგებია“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.