ვახტანგ მეგრელიშვილი - შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი მართლა მიდიოდეს პოლიტიკიდან, უბრალოდ ამის დაჯერების საფუძველი არ გაგვაჩნია
შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი მართლა მიდიოდეს პოლიტიკიდან, უბრალოდ ამის დაჯერების, რეალობის საფუძველი არ გაგვაჩნია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. ამასთან, როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, თავისი გარემოცვის იზოლაციაშია.
„წარმოიდგინეთ, კონფლიქტი მოხდა ხელისუფლების შტოებს შორის, რომელსაც დღეს ერთპიროვნულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი. ვინ გაარჩევს ამ მაღალი თანამდებობის პირების და ზოგადად, „ქართულ ოცნების“ დარჩენილ ლიდერებს შორის ურთიერთობას. ნუთუ ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი გამოაკლდება, ამის ადამიანურად ჯერჯერობით არ მჯერა.
ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, იზოლაციაშია თავისივე გარემოცვისა და როდესაც ეს წერილი წავიკითხე, მომეჩვენა, რომ წერილის ავტორი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს ან ყოველ შემთხვევაში, სხვადასხვანაირად ვუყურებთ, რაც ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, ეს ბელეტრისტიკური გადახვევები, რომლებიც იყო წერილში, ჩემი აზრით, სერიოზულად განხილული ვერ იქნება“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.