ვახტანგ მეგრელიშვილი - სავიზო რეჟიმის შემოღება და საზღვრის გადაკეტვა რუსეთის დივერსანტებისგან ნამდვილად არ დაგვიცავს
რუსეთის დივერსანტებისგან სავიზო რეჟიმის შემოღება და საზღვრის გადაკეტვა ნამდვილად არ დაგვიცავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„რუსეთიდან ადამიანების შემოშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სხვა კრიტერიუმებით უნდა მივიღოთ. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს პრინციპებზე და ჰუმანურობაზე დაფუძნებული. პრინციპებზე თქო, რომ ვამბობ, ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, სხვადასხვა დროს, იგივე მდგომარეობაში განგვეხილა, როგორშიც დღეს რუსეთის მოქალაქეები არიან, როდესაც გარბიან
ქვეყნიდან, საიდაც საფრთხე ემუქრებათ. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ შემოსული დივერსანტები, თუ
არაკეთილისმყოფელი ადამიანები აღმოვაჩინოთ, მაგრამ რუსეთის
დივერსანტებისგან სავიზო რეჟიმის შემოღება და საზღვრის გადაკეტვა ნამდვილად არ დაგვიცავს. შესაბამისად, ვიდრე რამე პრობლემა არ შექმნილა, საქართველოს მხრიდან საზღვრის ჩაკეტვა არაჰუმანური იქნებოდა. მით უმეტეს, საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ან ზოგადად იქ ცხოვრობს და ფაქტობრივად, ოჯახი საქართველოში ჰყავს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში შს მინისტრის მოხსენებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი პრობლემა იყო ატმოსფერო, რომელიც დარბაზში სუფევდა და არა ის, თუ ვინ რა ჰკითხა მინისტრს, ან მან რა უპასუხა.
„პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ რა ჰკითხა და მინისტრმა რა უპასუხა, არამედ ის, თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, მთელი ჩვენი პრობლემა და რაღაც თვალსაზრისით შეიძლება, ტრაგედიაც, ისაა, რომ ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში, როცა სიკვდილ-სიცოცხლის რისკები ჩვენთან ძალიან ახლოს არის, ვიცლით, როლიდან არ გამოვიდეთ და გავაგრძელოთ პოლიტიკური კინკლაობა, რასაც ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ისედაც ვაკეთებთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა და იზიარებს თუ არა ის მმართველი გუნდის პრეტენზიებს, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადება არაადეკვატური იყო.
„არ ვიცი, საღი აზრის ადამიანისთვის როგორ შეიძლება, აიხსნას პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი დამოკიდებულება და ასეთი კრიზისის დროს პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება მოცემულ ვითარებაში მაინც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე კოორდინირებული მუშაობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არ გვყავს პოლიტიკოსები, ვინც საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობას აიღებს და შეუთანხმებლობის მიზეზი სწორედ ესაა.