ვახტანგ მეგრელიშვილი - სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები არა რეგულაციებით, არამედ ეკონომიკური წინსვლისა და ტექნოლოგიების დანერგვისას იკლებს
პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად სინამდვილეში არაფერი შეიცვლება.
„ვიღაცებს მადა გაეღვიძათ და 50 000–ლარიან ჯარიმებზე ისე საუბრობენ, თითქოს არაფერი. ამის შედეგად კი, ძალიან ბევრი კომპანია დაიხურება და ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
როგორც პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრმა აღნიშნა, მთელ მსოფლიოში დადასტურებულია, რომ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები არა რეგულაციების დაწესებით, არამედ ეკონომიკური წინსვლისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში იკლებს.
„ევროკავშირის დასაქმებული მოსახლეობის 60% მომსახურების სფეროშია დასაქმებული, ჩვენთან კი, თითქმის ნახევარი მოსახლეობა სოფლის მეურნეობაში საქმდება, სადაც სტატისტიკა წესიერად რომ წარმოებდეს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ მეტი გვექნებოდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, ადამიანი სიცოცხლეს მხოლოდ რომელიმე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად არ კარგავს და უსაფრთხოების ახალი ნორმების დაწესებით იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ სიკვდილიანობის სტატისტიკა შემცირდება.
„ჩვენ ლამის 10 წლით ნაკლებ ხანს ვცხოვრობთ, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ. იქ სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალი და ბავშვთა სიკვდილიანობა დაბალი იმიტომ არის, რომ ამ ქვეყნებში არც კვების პრობლემა არსებობს და არც სიღატაკის, ისე, როგორც ეს საქართველოშია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.