ვახტანგ მეგრელიშვილი - რეალურად პრობლემა გვაქვს იმაში, რომ კაციშვილმა არ იცის, ვინ რატომ აგინებს ერთმანეთს დედას
ახლა, რეალურად პრობლემა გვაქვს იმაში, რომ კაციშვილმა არ იცის, ვინ რატომ აგინებს ერთმანეთს დედას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, მთავარი პრობლემა არა ალეკო ელისაშვილის დღევანდელი განცხადება, არამედ ისაა, რატომ დუმდნენ ამდენ ხანს და არ საუბრობდნენ, რა იდო მოლაპარაკების მაგიდაზე.
„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა არის არა ალეკოს დღევანდელი განცხადება, არამედ დრო, ანუ ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყველანი ვიყავით ჩუმად, არ ვიცოდით, რაზე იყო ლაპარაკი, რა იდო მაგიდაზე, ეს ამდენი ხალხი ამდენი საათის განმავლობაში რას აკეთებდა ერთად. თუ ეს სისულელე იყო და არაფერს ნიშნავდა, არ მესმის, როგორ შეიძლება, დღეს ერთი ადამიანის განცხადების გამო, ნაჩქარევი შეფასებები გააკეთო.
მაგალითად, ჩვენ, „გირჩს“ ალეკოსგან განსხვავებული პოზიცია გვქონდა. ეს განსხვავებული პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ 20 ივნისის მოთხოვნების შესრულებისკენ მივილტვით, ანუ იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში იყოს პარლამენტშიც, ადგილობრივ არჩევნებზეც პროპორციული სისტემა ბუნებრივი ბარიერით, რაც არავის აღარ მისცემს საშუალებას, დადგეს ის მდგომარეობა, რაც 31 ოქტომბერს დადგა.
ამის ერთ-ერთი კომპონენტი იყო ცესკო-ს რეფორმა, მაგალითად, ალეკოსთვის ცესკო-ს რეფორმა თუ უკვე საკმარისია, ჩემთვის ეს ინსტრუმენტია იმ მიზნის მისაღწევად, რაც მე მჭირდება, ანუ ის, რაც ალეკოს მოსწონს, ჩემთვისაც მოსაწონია, ოღონდ შემადგენელი კომპონენტი იმის, რისთვისაც მე ვიბრძვი და ამ ბრძოლაში გარდა ალეკოსი, მჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიები, „ნაციონალური მოძრაობაც“ კი. ეს უნდა იყოს დისკუსიის, მსჯელობის შედეგად შემდგარი კონსენსუსი და არა ერთმანეთისთვის დედის გინება. ახლა, რეალურად პრობლემა გვაქვს იმაში, რომ კაციშვილმა არ იცის, ვინ რატო აგინებს ერთმანეთს დედას“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ახლა არსებობს შესაძლებლობა, „მოლაპარაკებიდან გამოიტანონ საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები“ და თუ ექნება შესაბამისი დოკუმენტები თავისი გარანტიით, საშვილიშვილო საქმისთვის პარლამენტში შევა.