ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართული ოცნება“ ჩვენს გეგმაზე პირობას თუ დადებს და ზურაბ ჯაფარიძე მაინც არ შემოვა პარლამენტში, მეოთხე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის
„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმას 113 დეპუტატი სჭირდება.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ უბარიერო პროპორციული არჩევნების პირობას დათანხმდება, ზურაბ ჯაფარძეს მორალურად ევალება, პარლამენტში შევიდეს.
მეგრელიშვილის განმარტებით, „გირჩმა“ არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო და თუ ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნებისგან“ პირობის მოცემის შემთხვევაში, პარლამენტში მაინც არ შევა, „მეოთხე ადამიანი მათ ეკუთვნით“.
„ჩვენს გეგმას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 ადამიანმა რომ დაუჭიროს ამ პროექტს მხარი. ახლა არის 96 ადამიანი, ჩვენიანად შეიძლება იყოს 100. „გირჩი“ ოთხი ადამიანით არის წარმოდგენილი. მე მინდა, რომ ზურაბ ჯაფარიძე შემოვიდეს პარლამენტში. ვერ წარმომიდგენია, ზურა ჯაფარიძე არ შემოვიდეს, თუ „ქართული ოცნება“ ამ პირობას (პროპორციული, უბარიერო არჩევნები) მართლა დადებს.
ზურა ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი, ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის. თუ ეს პირობა იდება, ზურა ჯაფარიძეს მორალურად ევალება, რომ შემოვიდეს. ერთ-ერთ კომენტარში მან თქვა, ეს არის როგორც მარსზე ნაკვეთიო. და თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს? „ქართული ოცნება“ თუ მართლა იძლევა პირობას, ეს არის მარსზე ნაკვეთი, ჩვენი შესაღობი უნდა შემოვღობოთ პირველ რიგში ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად, ხოლო შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასთან… თუ არ შემოვა, ჯერ ახსნის, რატომ არ შემოვა (ზურაბ ჯაფარიძე) ამ პირობებზე და მერე მეოთხე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.