ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიცია ერთ კონგლომერატად რომ გადაიქცეს, დარწმუნებული ვარ, 38 პროცენტი 20 პროცენტისკენ ჩამოვა, ერთ პარტიად გადაქცევა დამღუპველი იქნება
ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიცია ერთ კონგლომერატად რომ გადაიქცეს, დარწმუნებული ვარ, 38 პროცენტი 20 პროცენტისკენ ჩამოვა, ერთ პარტიად გადაქცევა დამღუპველი იქნება

ოპოზიციურად დათვლილი ხმები რომ შეაჯამო, ოპოზიციას 38 პროცენტი გამოსდის, მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას“ ზუსტად ორჯერ ნაკლები აქვს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია უცბად ერთ კონგლომერატად რომ გადაიქცეს, 38 პროცენტი ქვემოთ, სადღაც 20 პროცენტისკენ ჩამოვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა კითხვის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, „IRI-ის კვლევების შემდეგ, ოპოზიცია გაერთიანებაზე საუბრობს, რა პოზიცია აქვს „გირჩს?“

მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციამ ახლა უნდა აჩვენოს თანამშრომლობის უნარი, თუმცა ეს პროცესი ოპოზიციაში არც კი დაწყებულა. ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ერთ პარტიად გადაქცევა დამღუპველი იქნება და გაერთიანება მნიშვნელოვანი იდეის გარშემო უნდა მოხდეს.

„ვფიქრობ, ახლა საერთოდ სხვა ამოცანა გვაქვს, იმ გაგებით, რომ ოპოზიციამ უნდა აჩვენოს თანამშრომლობის, ლაპარაკის უნარი, რომ საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენინოს, როგორ მოახერხებს თანამშრომლობას პოსტ „ქართული ოცნების“ პერიოდში, თუ საერთოდ გამარჯვება უნდა, მაგრამ პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ თვითონ ეს პროცესი ოპოზიციაში არც კი დაწყებულა. გაერთიანებას რაც შეეხება, ჩემი აზრით, გაერთიანება უნდა მოხდეს რაღაცა მნიშვნელოვანი იდეის გარშემო და არა – პარტიული სიების ჩამოყალიბება, ერთ პარტიად გადაქცევა, რაც დამღუპველი იქნება. ალბათ ეგ არის „ქართული ოცნების“ ერთადერთი იმედი, რომ მართლა ასე მოხდეს და ყველას „ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყი მიარტყას“, – განუცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს.