ვახტანგ მეგრელიშვილი - ოლიგარქების პრობლემა საქართველოს არასდროს ჰქონია, ჩვენ ერთმმართველობის პრობლემა გვაქვს 
ვახტანგ მეგრელიშვილი - ოლიგარქების პრობლემა საქართველოს არასდროს ჰქონია, ჩვენ ერთმმართველობის პრობლემა გვაქვს 

დეოლიგარქიზაციის კანონი არის უსამართლო და არარელევანტურია ქართულ რეალობასთან, ამის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გვთხოვა, არ შეესაბამება ევროპული ქვეყნის ქცევას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ამ კანონით გამოდის, რომ საქართველოში ყველა წარმატებულ ადამიანს გადაეკეტება გზა პოლიტიკაში.

„ჩვენ მართლა თუ გვინდა, ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არ შეიძლება, ასე ვიქცეოდეთ. ჩემი აზრით, ეს მოსაზრება, მათ შორის ევროპელებსაც უნდა ვუთხრათ, თუ ასე ვფიქრობთ და თუ არ ვფიქრობთ ასე, მაშინ ამ კანონით გამოვა, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებულ ადამიანებს გადავუკეტავთ გზას პოლიტიკაში. ეს იგივეა, რომ მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე გაგვეგდო პოლიტიკიდან და არ მიგვეცა საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო ან რამე პოლიტიკური სურვილები ჰქონოდა. ამ ფაქტის გააზრებასაც თუ ვერ მოვახერხებთ, რომ ეს ამას ნიშნავს, მე მგონი, მართლა არ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრები გავხდეთ. ჩემი აზრით, ეს არის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის გატანა საერთაშორისო არენაზე. იქ მოხვდა ზოგიერთი ისეთი პუნქტი, რომელიც რელევანტური არ არის საქართველოსთვის.

ჩვენ ერთმმართველობის პრობლემა გვაქვს, ოლიგარქების პრობლემა საქართველოს არასდროს ჰქონია. საქართველოში იმდენი ფული და ისეთი გავლენა არასოდეს ყოფილა, როგორც უკრაინის შემთხვევაში ოლიგარქებს ჰქონდათ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.