ვახტანგ მეგრელიშვილი - ნიკა მელიას ჰქონდა შანსი, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა და დაესრულებინა დაპირისპირება, რომლის მთავარი მხარე არის მისი პარტია, მან ეს არ გააკეთა
ყველანი უნდა დავსხდეთ სამუშაოდ, რათა დაწერონ კანონპროექტები, რომლებიც გამომდინარეობს ხელმოწერილი შეთანხმებიდან, ამისთვის საჭიროა, ეს ადამიანები ერთად იყვნენ დარბაზშიც, კაბინეტებშიც და კოლიდორებშიც, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა რეალურად მთავარი პრობლემა არის, მართლა შეძლებენ თუ არა შეთანხმების ანალოგიურად შესრულებას.
„მთავარი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ეს ისტორიული შეთანხმების ტექსტი მომზადდა, ახლა უნდა შესრულება და შესრულების გამოცდილება არ გვქონია, როგორც მსგავსი მოლაპარაკებების. რეალურად, მთავარი პრობლემა არის, მართლა შევძლებთ თუ არა. იმ გულწრფელი სულით დაწერილია ეს შეთანხმება, რომ მას უნდა ანალოგიურად აღსრულება. იმ ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა მხარეს იყვნენ, მას მერე, რაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, თქვეს, რომ ისინი ერთმანეთისთვის მტრები აღარ არიან და ევროპული პრაქტიკა ნიშნავს იმას, რომ ოპონენტს ესაუბრო და არ წარმოიდგინო ის გასანადგურებელ მტრად, ამას შევძლებთ თუ არა, თან ქართველები, ეს ჯერჯერობით არ ვიცით. პირველად უნდა ვცადოთ და თქვენ რა კითხვებსაც უსვამდით ჩემს წინ გამომსვლელებს, შევლენ თუ არა, ეს ყველაფერი აფუჭებს საქმეს. სინამდვილეში, ყველანი უნდა დავსხდეთ სამუშაოდ, რათა დაწერონ ის კანონპროექტები, რომლებიც გამომდინარეობს იმ შეთანხმებიდან, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამისთვის საჭიროა, რომ ეს ადამიანები ერთად იყვენენ დარბაზშიც, კაბინეტებშიც და კოლიდორებშიც“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, მეგრელიშვილის შეფასებით, ნიკა მელიას, როგორც პარტიის ლიდერს, ჰქონდა შანსი, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა და თავისი პოზიციიდან დაესრულებინა დაპირისპირება, რომლის მთავარი მხარე არის მისი პარტია.
„ჩვენ იმდენჯერ მოვისმინეთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სქემა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან, ზეპირად ვიცით. ნიკა მელიას გათავისუფლება შეიძლება თითქმის დაუყოვნებლივ, მათ ევროკავშირმა შესთავაზა საკუთარი გზა და ფორმა, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ჩემდა სამწუხაროდ, ნიკა მელიამ პიროვნულად თქვა ამაზე უარი, მას, როგორც პარტიის ლიდერს, ჰქონდა შანსი, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა და თავისი პოზიციიდან დაესრულებინა ის დაპირისპირება, რომლის მთავარი მხარე არის მისი პირადი პარტია, ეს მან არ გააკეთა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის მეორე გზა, რომელიც ამ გადაწყვეტილებასაც კი აზღვევს. ჩვენ შეგვიძლია, თუ მართლა გვინდა, ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილების გარეშე ის მაინც გავათავისუფლოთ. ამას ერთმანეთთან ჩხიკინი კი არ უნდა, უნდა დაჯდომა, შეთანხმება კონკრეტულ ტექსტზე და შემდეგ კანონის მიღება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.