ვახტანგ მეგრელიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მეც მინდა, მართლა წარვდგებოდი გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად ეფექტური იქნებოდა
მეც მინდა, მართლა მინდა. შეიძლება, ჩემი წინადადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვასაბუთებ, რისთვის მინდა ამის გაკეთება. გეგმაც კი მაქვს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, ოპოზიციური ერთობა შედგეს ან იყოს ფაბულა, რომელზეც შეიძლება დისკუსიის დაწყება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, „თქვენც გსურთ, გახდეთ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე?“
მეგრელიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შემთხვევაში, დაიწყებდა რეალურ საუბარს ნებისმიერ თემაზე და ალბათ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა სააკაშვილის გათავისუფლება.
„ვამბობ, მეც მინდა, მართლა მინდა. არაფერი სახუმარო აქ არ არის. შეიძლება, ჩემი წინადადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე ხომ ვასაბუთებ, რისთვის მინდა ამის გაკეთება. ვამბობ, სინამდვილეში რა არის გასაკეთებელი, გეგმაც კი მაქვს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, ოპოზიციური ერთობა შედგეს ან იყოს ფაბულა, რომელზეც შეიძლება დისკუსიის დაწყება. ნებისმიერ თემაზე რეალურ ლაპარაკს დავიწყებ. სააკაშვილის გათავისუფლება მათ შორის, რა თქმა უნდა, იქნება თემა. ალბათ ერთ-ერთი მთავარი თემა, ოღონდ გასაგები უნდა იყოს, ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. ახლა ხომ გაუგებარია. ახლა ხომ სააკაშვილია რეალურად ყველაფერი. ფაქტობრივად, ეს თამაში ახლა ხომ ჰგავს, რომ სააკაშვილი მართლა ან ცუდად არის, ან რეალურად უნდა ქართული პოლიტიკური სივრციდან გასვლა და ამ უზარმაზარ ორგანიზაციას, თავისი უზარმაზარი მხარდაჭერით, უბრალოდ, პატრონი არ ჰყავს, ანუ უპატრონოდ დარჩება. რომ შეხედოთ, ხომ ეს პროცესი მიმდინარეობს? იგივე ერთობის იდეა, რომელიც გაჟღერდა სხვა პარტიების მიმართ, ხომ იმავეს ისახავს მიზნად. თუ ეს ხალხიც იმავეს ისახავს მიზნად, მოდით, ვთქვათ, ვის რა წარმოგვიდგენია, როგორი წარმოგვიდგენია ქართული ოპოზიციის მომავალი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ სხვა წესების მიხედვით უნდა დაიწყოს თამაში, რათა 2024 წლის არჩევნებზე კოორდინაციისა და წარმატების ელემენატრული შანსი გაჩნდეს.
ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ ჩაერთო რეალურ პოლიტიკაში, საერთო მიზნის მიღწევა ბევრად რთული იქნება.
„მართლა ოპოზიციაში თუ ხარ და ამ ხელისუფლების დამარცხება გინდა, არსებობს რაღაცა სერიოზული ინფრასტრუქტურა, „ნაციონალური მოძრაობა“ — ამხელა მონსტრი რეალურად თუ ან არ დაიშალა, ან არ ჩაერთო რეალურ პოლიტიკაში, ჩემი აზრით, საერთო მიზნის მიღწევა ბევრად რთული იქნება. ნულოვანი შანსიც რომ გქონდეს, რა დაშავდება, წარმოადგინო გეგმა, როგორ უნდა იქცეოდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ რესურსების მქონე პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, – „მართლა აპირებთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თქვენი კანდიდატურა შესთავაზოთ თავმჯდომარის პოსტზე?“ – მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ნამდვილად წარდგებოდა გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად ეფექტური იქნებოდა.
„ელემენტარული შანსი რომ მქონდეს ამ დისკუსიაში ჩართვის, მათ რომ სერიოზულად შეხედონ ამ საქმეს, მართლა წარვდგებოდი გეგმით, რა გეგმითაც, ჩემი აზრით, ეს პარტია იქნებოდა ბევრად ეფექტური, ძლიერი და ასე შემდეგ. რისი სჯერათ, ამაზეც ხომ უნდა დაიწყოს ლაპარაკი, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ოდესღაც ერთი იყო, რიტორიკა — მეორე, ახლა საერთოდ გაუგებარია, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფ ხალხს რისი სჯერა“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.