ვახტანგ მეგრელიშვილი -  „ნაციონალური მოძრაობის“ დოკუმენტზე ხელმოწერას მხოლოდ პოლიტიკური ჟესტის ნიშანი ექნება, მაგრამ ასეც რომ გააკეთონ, სწორი ნაბიჯი იქნება
ვახტანგ მეგრელიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დოკუმენტზე ხელმოწერას მხოლოდ პოლიტიკური ჟესტის ნიშანი ექნება, მაგრამ ასეც რომ გააკეთონ, სწორი ნაბიჯი იქნება

შარლ მიშელის მდგომარეობა საკმაოდ უხერხულად მეჩვენება, ისიც უხერხულ მდგომარეობაშია. გამოდის, რომ მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმებას „ნაციონალური მოძრაობის“ შეერთება უფრო სიცოცხლისუნარიანად აქცევდა.

„ის მაინც უნდა ვიცოდეთ, შეთანხმებული იყო თუ არა მასთან, როცა „ქართული ოცნება“ შეთანხმებას ცალმხრივად არღვევდა და ამბობდა, რომ ანულირებულია ეს შეთანხმება. ფაქტობრივად, ეს სილის გაწვნაც არის მედიატორებისთვის და სრული იგნორირებაა ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციონერების. ამ შეთანხმებას ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანად აქცევდა „ნაციონალური მოძრაობის“ შეერთება, ეს საუკეთესო ვერსია იქნებოდა. ახლა, როცა „ქართული ოცნება“ – მთავარი მხარე გასულია შეთანხმებიდან, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხელმოწერას ექნება მხოლოდ პოლიტიკური ჟესტის ნიშანი, მაგრამ ესეც რომ გააკეთონ, სწორი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.