ვახტანგ მეგრელიშვილი - მელიას ციხიდან გამოშვების შემდეგ სრულიად განსხვავებული ემოციის პროცესები უნდა დაიწყოს და „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ სტრატეგია ჩამოყალიბდეს
ფაქტობრივად მეორე მნიშვნელოვანი შეთანხმება სრულდება და ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების შემდეგ სრულიად განსხვავებული ემოციის პროცესები უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესი ბევრად კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართება.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ფაქტობრივად მეორე მნიშვნელოვანი შეთანხმება სრულდება და ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების შემდეგ სრულიად განსხვავებული ემოციის პროცესები უნდა დაიწყოს. გასაგებია, რომ განსხვავებული მოსაზრებები და პარტიებს შორის კონკურენცია იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის მორალური წნეხი, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გასდევდა მოლაპარაკებებს და რაც მისი ციხეში ყოფნით იყო განპირობებული, ეს „შლეიფი“ მოცილდება და პოლიტიკური პროცესი ბევრად კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართება.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხს, ამასთან დაკავშირებით მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლა გარკვეულწილად ხელშეკრულებასთან მიერთებას ნიშნავს.
„სინამდვილეში, ნიკა მელიას გამოსვლა უკვე შინაარსობრივად გარკვეულწილად ამ ხელშეკრულებასთან მიერთებას ნიშნავს, რადგან ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეა, ნიკა მელია ამით სარგებლობს და ციხიდან გამოდის. ვიცი, რომ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ყველას გვესმის, რომ შინაარსობრივად ეს ამ პროცესის დამსახურებაა. ნიკა მელია თავისი გადაწყვეტილებით ამ პროცესის ნაწილი გახდა. რთული იქნება სხვანაირად ამის გაგება.
ყველამ რთული პროცესი გავიარეთ. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაშიც იქნებოდა განსხვავებული მოსაზრებები სტრატეგიასთან დაკავშირებით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ლიდერი არ ჰყავდათ თავისუფლებაზე. ამას მივიჩნევ რაღაც შეუთანხმებლობას. ეს ოპოზიციის შიგნითაც ხდება, მაგრამ გადატვირთვას და შერიგებას ის შინაარსი აქვს, რომ რაღაც წერტილის შემდეგ იწყებ ახლიდან. ნიკა მელიას გამოშვებაც ამის საწინდარი უნდა გახდეს და ამ პარტიაშიც რაღაცნაირად სტრატეგია ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.