ვახტანგ მეგრელიშვილი - კვლევას თუ ვენდობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას „უპრავებს“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელსაც გაყალბებულს უწოდებდა
საქართველოში კვლევები გამოყენებულია პოლიტიკური ბრძოლისთვის და მას უფრო პროპაგანდისტური მიზნები აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც მეგრელიშვილი ამბობს, კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას „უპრავებს“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელსაც ენმ გაყალბებულს უწოდებდა.
„იფსოსი“-ს კვლევა ძალიან უცნაურია, რადგან წინა კვლევასთან შედარებით მასში გაუგონარი ცვლილებებია მომხდარი. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური კრიზისი ხომ ეძღვნებოდა იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვნად გაყალბდა და „ქართულ ოცნებას“ ის პროცენტი არ უნდა ჰქონოდა, რითაც დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილი. თუ ამ კვლევას ვენდობით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ „უპრავებს“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელზეც ხელისუფლებას აბრალებდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული.
„ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას შედეგი აიღეთ, შეაჯამეთ, დანარჩენ ოპოზიციასთან პროპორცია წარმოიდგინეთ და მიიღებთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ მათემატიკურად უდასტურებს, რომ ყველაფერი სწორად ჩატარდა. ნიკა მელია ამ კვლევაზე დაყრდნობით, გამარჯვებული ტონით პოსტს აქვეყნებს, სადაც მეორე ადგილზე არის, პირველ და მესამე ადგილზე არიან „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი ლიდერები, მათი საერთო ჯამი მნიშვნელოვნად აღემატება მთელი ოპოზიციის რეიტინგს. არ ვიცი, ეს არითმეტიკის არცოდნაა, ან რაოდენობრივი აზროვნების პრობლემაა, ან რა დაავადება ასეთი, რომელიც მოსახლეობის ერთ ნაწილში იწვევს რეალობის ერთ აღქმას და მეორე ნაწილში, ჩემნაირებში შეიძლება სრულიად სხვანაირი ამბავი გამოიწვიოს. ამ კვლევებში ჩვენ არ ვარსებობთ, ერთ კვირაში შეგვეძლება, ამაზე ვისაუბროთ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.