ვახტანგ მეგრელიშვილი - გვინდოდა, აგვეხსნა, რატომ არ ვითხოვდით ვახტანგ გომელაურის გადადგომას, მაგრამ ამისი შესაძლებლობა არ მოგვეცა
ვახტანგ მეგრელიშვილი - გვინდოდა, აგვეხსნა, რატომ არ ვითხოვდით ვახტანგ გომელაურის გადადგომას, მაგრამ ამისი შესაძლებლობა არ მოგვეცა

მგონია, ყველა ვაკვირდებოდით, რა პროცესები მიმდინარეობდა. ჩვენ, „გირჩს“ გვინდოდა არა მხოლოდ კითხვა დაგვესვა, არამედ ჩვენი შეფასებაც გაგვეკეთებინა. ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანის გადადგომას არ ვითხოვდით. გვინდოდა აგვეხსნა, რატომ არ ვითხოვდით გადადგომას, მაგრამ ამისი შესაძლებლობა არ მოგვეცა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, სხდომა ჩაეტარებინა.

„ჩემი აზრით, ეს ორი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მუდმივად დაკავებულია მსგავსი ინციდენტებით და ფაქტობრივად, ჩვენ საშუალება არ გვეძლევა, რომ ვისაუბროთ. ეს არის მთავარი პრობლემა. ნებისმიერი ტრაგიკული შემთხვევაც კი შეიძლება გახდეს პოლიტიკური კრიზისის გამომწვევის მიზეზი.

ჩვენი არგუმენტი და პოზიცია იყო, რომ ორთვე-ნახევარში გვაქვს არჩევნები და ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობის მიღება, რომლითაც ამ არჩევნებს მაინც ჩავატარებთ ნორმალურად. დღეს რომ ჩვენ მოვითხოვოთ იგივე, რასაც აკეთებს ოპოზიცია სრული შემადგენლობით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების გადადგომა ნიშნავს, რომ ჩვენ ახლიდან შევიდეთ კრიზისში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ უფრო მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება და არჩევნებამდე მისვლა, ვიდრე მოითხოვო მთავრობის გადადგომა, რაც იმავეს ნიშნავს, რაც შვიდი თვე მიმდინარეობდა ქვეყანაში.

არ მესმის, როგორ შეიძლება, ჩემი ბრალი იყოს, რომ ჩაიშალა, ჩემი როლი მინიმალურია. ველოდებოდი და ვიყავი შემსწრე იმ სიტუაციის, რასაც ვადევნებდით თვალყურს. ვერ მივიღებ, თითქოს ოპოზიციას არ უნდოდა ვინმეს მოსმენა, გვინდოდა, თუმცა ალბათ ოპოზიციაშიც და თავად ხელისუფლებაშიც არიან ძალები, რომლებსაც არ უნდოდათ 5 ივლისის, ასევე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საუბარი და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ მოეწყო ორივე მხრიდან ასეთი პერფორმანსი, რამაც არ მოგვცა საშუალება, საგნობრივი საუბარი შემდგარიყო დარბაზში. ვფიქრობ, მმართველ გუნდს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ჩაეტარებინა სხდომა. გადმოკიდებული ბანერი არავის არაფერს უშლიდა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.