„გირჩის“ პარლამენტში მისვლა გულისხმობს ფაქტობრივად, ჩვენი გეგმის შესრულების დაწყებას, რომელიც ერთი კვირის წინ გამოვაქვეყნეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „გირჩის“ სურვილია, შექმნან ისეთი სივრცე, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება შეეძლებათ.
„როგორც ერთმა თქვენმა კოლეგამ ცოტა ხნის წინ სწორად აღნიშნა, „გირჩი“ მიდის პარლამენტში, თუმცა არ შედისო, ასე უფრო მარტივად შეიძლება გამოვხატოთ ეს დამოკიდებულება. ანუ მართლა, რეალურად მივდივართ კულუარული საპარლამენტო საქმიანობის დასაწყებად, ადამიანების გასაცნობად, პარლამენტიდან თქვენთან საურთიერთობოდ, პოლიტიკური აქცენტის გადასატანად იმ თემებზე, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს. ვინაიდან დღევანდელი პოლიტიკური სივრცე არ გვაძლევს „გირჩს“ ოპერირების შესაძლებლობას, გვინდა, შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც ჩვენ შეგვეძლება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
კითხვაზე: „საკანონმდებლო საქმიანობაში, საკომიტეტო მოსმენებში, სესიებში თუ მიიღებთ მონაწილეობას“, – მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი კანონპროექტის განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას ფორმალური ნაწილის გარეშე.
„აბსოლუტურად ნებისმიერი კანონპროექტის იდეის განხილვაში მივიღებთ მონაწილეობას ჩვენს კოლეგებთან, ოღონდ მხოლოდ ფორმალური ნაწილის გამოკლებით, რაც ითვალისწინებს საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობის მიღებას, საპარლამენტო სესიაზე ხმის მიცემას და ა.შ. ანუ ამ ნაწილს გამორიცხავს ჩვენი საქმიანობა, თორემ ყველაფერ დანარჩენს, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო საქმიანობაზე საკუთარი პოზიციის წარმოდგენიდან, კოლეგებთან დებატები, კამათი, საუბარი, რაც გინდა დავარქვათ, ყველაფერი ეს, რაც შეიძლება კულუარებში მოხდეს, კორიდორებში და კაბინეტებში, ამ ყველაფერს გავაკეთებთ დიდი ენთუზიაზმით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ჩვენი აზრით, ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და არ ვიცით, როგორ განვითარდება ამ ქვეყანაში მოვლენები. ფაქტობრივად, რაღაც ცივი ომის მდგომარეობაში ვართ, პოლიტიკური ცივი ომის მდგომარეობაში, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი შეცდომის ან რაღაც შემთხვევის წყალობით შეიძლება, გადაიზარდოს ცხელ ომში. ვფიქრობთ, მაქსიმალურად სწორ ადგილას უნდა ვიყოთ, რომ ამ პროცესს სწორი ადგილიდან შევხვდეთ და დავაკვირდეთ. სწორი ადგილი არის პარლამენტი, დიახ, თუ ეს ჩხუბია და თუ ეს ომია დაპირისპირებულ მხარეებს შორის, შენ ამ ომში არ უნდა მონაწილეობდე და შენ ყველაფერი უნდა გააკეთო, რათა მაქსიმალურად შეამცირო ზიანი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება, მოგიწიოთ პარლამენტის დერეფნებში ყოფნა, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ამის წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია.
„ძალიან რთულია პროგნოზირება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პარლამენტის წევრი გავხდებოდი და ექვსი თვე არ მოვხვდები იმ შენობაში. ახლაც არ მაქვს წარმოდგენა, როგორ განვითარდება მოვლენები იმდენად არაპგნოზირებად გარემოში ვცხოვრობთ, იმდენად აბსურდულია ის კრიზისი, რომელიც ჩვენ ხელოვნურად გვაქვს შექმნილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ, „გირჩი“ არ ვართ პასუხისმგებელი ამ კრიზისზე.
თუ ჩვენ პროცესი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავიარეთ და დავინახეთ, რომ ისინი გულწრფელები არიან ამ პოლიტიკური რეფორმის გატანის სურვილში, მაშინ უკვე მივხვდებით, რომ „ქართული ოცნება“ იქცევა ისე, როგორც საპარლამენტო პარტია და იმსახურებს, მართლა მის გვერდით დადგე და ლეგიტიმაცია მისცე იმ პარლამენტს, რომელშიც დღეს „ქართული ოცნება“ მარტოა.
უფლებებს გამოვიყენებთ, არ გამოვიყენებთ მატერიალურს, ის ინფრასტრუქტურა ჩვენთვის არის შექმნილი პარლამენტში, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, უნდა ვსარგებლობდეთ იმ აპარატით და ასე შემდეგ. გამოვიყენებთ ასევე იმ უფლებებს, რომლებიც გვგონია, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ვთქვათ ისეთი, როგორიც იარაღის ტარების უფლებაა და ამაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, საერთოდ მონობაა. მეორე, გამოვიყენებთ ასევე იმუნიტეტს, რადგან ასეთ დაძაბულ სიტუაციაში კაცმა არ იცის, ვინ რა ჭკუაზე იქნება ქვეყანაში, ესეც პრაგმატული უფლებაა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ანუ შენ თუ არ ძალადობ, ვერავინ გეხება, თუ მართლა თავს არ გავიდა ხელისუფლება. ასევე, ტრიბუნა, რომელსაც მოგვცემთ თქვენ, ჟურნალისტები პარლამენტის კორიდორში, ბანერთან და ჩვენს კაბინეტებში. ჩვენთვის ალბათ რაღაც არის გათვალისწინებული, ამას აპარატი აგვარებს სავარაუდოდ და ორშაბათს რომ მივალთ, პირველ რიგში, გავიგებთ, პირველ ექსკურსიას ჩაგვიტარებენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
კითხვაზე: ხომ არ ისერგებლებთ კაბინეტით, მეგრელიშვილმა განაცხადა:
„კი, მინდა, რომ იქ სტუდია მოვაწყო და იქიდან პოდკასტები გავაკეთო, თუ ამის ინტერესი იქნება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება მოლოდინს, თუ როგორ შეხვდება „ქართული ოცნება“ „გირჩს“ პარლამენტში, მეგრელიშვილი ამბობს, რომ ყველა ერთად დაინახავს, რამდენად აღმოჩნდება მმართველი გუნდისთვის მისაღები ურთიერთობის ახალი ფორმატი.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი პოზიცია ყველა მხარისთვის გულწრფელად გაგვეგებინებინა, რატომ ვაკეთებთ ამას. ერთად დავინახავთ, რამდენად მისაღები აღმოჩნდება თანამშრომლობის და ურთიერთობის ასეთი ფორმა. სუფთა ტექნიკურად რომ წარმოდვიდგინოთ, ადამიანების სტიმულების დონეზე, თუ ეს პოზიცია აღმოჩნდა პოლიტიკურად მომგებიანი, შეიძლება იყოს სტიმული ოპოზიციისთვის, რომ უბრალოდ კონკურენტს არ მისცეს საშუალება, მარტო იყოს დარჩენილი პარლამენტში. ფაქტობრივად პოლიტიკურ ქულებს ის აგროვებდეს და ამან შეიძლება, უბრალოდ დააჩქაროს მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. თუ ამას რაღაცნაირად ხელს შეუწყობს ჩვენი პროექტი, ესეც იქნება ერთ-ერთი კარგი შედეგი, თუ შეთანხება მოხდა და ოპოზიციონერი კოლეგები მართლა შევიდნენ პარლამენტში, ერთობლივად ყველამ გავაგრძელეთ ჩვეულებრივი საპარლამენტო საქმიანობა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ხომ არ შეშურდება ოპოზიციას „გირჩის“ ნაბიჯის, ამაზე მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ასეც მოხდეს.
„იმედი მაქვს, შეშურდება და საბოლოო ჯამში, ამის ფუფუნებას ჩვენ არ მოგვცემენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.