ვახტანგ მეგრელიშვილი - გამოვრიცხავ, საგამოძიებო კომისიის დასკვნას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ან შეფასება ჰქონდეს 2020 წლის არჩევნებზე, თუმცა სასესიო დარბაზში არშესვლა ჩვენი კოლეგების უპატივცემულობა მგონია
„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დღეს რელევანტური არ არის, რადგან „შარლ მიშელის დოკუმენტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეუძლებელია, 2020 წლის არჩევნებში მტყუან-მართალი გაარკვიონ“.
მეგრელიშვილის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.
„კომისიის ეს დასკვნა დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრებისთვის არ არის რელევანტური, რადგან ფაქტობრივად ჩაანაცვლა შარლ მიშელის დოკუმენტმა. შარლ მიშელის დოკუმენტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეუძლებელია, 2020 წლის არჩევნებში მტყუან-მართალი გაარკვიონ. ამის გამოა, რომ ფაქტობრივად 2021 წლის არჩევნები იქნება როგორც ტესტი წინა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. კომისია შექმნილია მანამდე, ვიდრე საერთოდ ეს შეთანხმება მოხდებოდა, ის ფორმალურად დღეს სრულდება. სასესიო დარბაზში არშესვლა მგონია იმ ადამიანების უპატივცემულობა, ვინც აქ იმუშავეს, ჩვენმა კოლეგებმა. არ მესმის, იმათთან საპრეტენზიო რა გვაქვს, მაგრამ გამოვრიცხავ, ამ კონკრეტულ დასკვნას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ან შეფასება ჰქონდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.