ვახტანგ მეგრელიშვილი - დოკუმენტის პირობები თუ გასაგები იქნება, ხელის არმოწერისთვის არგუმენტი უბრალოდ არ რჩება
არ ვიცით, ჯერ რას აწერს „ქართული ოცნება“ ხელს, ბევრი ვერსია იყო, რაც გასაჯაროვდა. თუ ამას აწერს და ამატებს პუნქტს, შეუძლებელია, უარი თქვა. ალბათ ერთადერთი ვიყავი იმ შეხვედრების დროს, ვინც პროაქტიურად ვიძახდი, რომ კი, ჩვენ მზად ვართ, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ნებისმიერ შეთანხმებას დავეთანხმებით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
კითხვაზე: „ქართული ოცნების“ ხელმოწერილი დოკუმენტი თუ იგივეა, რაც გასაჯაროვდა, მოაწერს თუ არა „გირჩი“ ხელს, მეგრელიშვილმა განაცხადა ამ შემთხვევაში ხელს მოაწერენ.
„დიახ, დიახ, სადაც არის ვთქვათ, ამნისტიის თემა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, სადაც არის ფაქტობრივად, მისასვლელი გზა რიგგარეშე არჩევნებამდე, ვიღაცას შესაძლოა, მეტად მოსწონს, ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ ყველა ის საკითხი, რომელიც იყო ოპოზიციისთვის კრიტიკული და ასახელებდა, მასზე ასე თუ ისე პასუხი გაცემულია.
თუ დადასტურდა, რომ დანიელსონის დოკუმენტზეა საუბარი და მას ემატება რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ჩემი აზრით, უბრალოდ არგუმენტი არ რჩება ხელის არმოწერის. გააჩნია, როგორ განვითარდება პროცესი, დიდი მნიშვნელობა აქვს, მთლიანად ოპოზიციური რეაქცია როგორი იქნება ხელისუფლების შეთავაზებაზე. იმის მიხედვით დავგეგმავთ, ჩვენი რეაქცია როგორი იქნება. თუ დავინახეთ, რომ სინამდვილეში, რაღაც არგუმენტი არ არსებობს, დოკუმენტი ნორმალურია, პირობები გასაგებია, რაზეა საუბარია და ჩვენ ეს განხილული გვაქვს იქ, უბრალოდ მგონია, რომ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ისევე როგორც ჩვენ, რომლებმაც გამოვხატეთ იმ დროს რაღაც განწყობა, შეთანხმება მომხდარიყო, ბუნებრივია, ისინი მოაწერენ ხელს და ალბათ ჩვენც მოვაწერთ.
რა თქმა უნდა, ჩვენი ხელმოწერა სხვების ხელმოწერაზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ რომც მოვაწეროთ და ალბათ მოვაწერთ სწორად თუ მივიჩნიეთ ის ქაღალდი, რომელსაც წავიკითხავთ, სხვებმა თუ არ მოაწერეს, ეს პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.