ვახტანგ მეგრელიშვილი - დღევანდელი გადმოსახედიდან, ცესკო-ს მიმართ პრეტენზიები არ გვაქვს
ვახტანგ მეგრელიშვილი - დღევანდელი გადმოსახედიდან, ცესკო-ს მიმართ პრეტენზიები არ გვაქვს

ის ვეტოები, რომლებსაც პრეზიდენტი ადებს, უბრალოდ, გაუგებარია, რა შუაშია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ძალიან მიჭირს ამ ლოგიკის ამოცნობა. პრეზიდენტს აქვს რეალური ბერკეტები საკუთარი პოზიციის გამოსახატად. მას შეუძლია სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ზემოქმედება. ანუ, ყველაზე ძლიერი ბერკეტი აქვს, ფაქტობრივად. თუ მას არ მოსწონს ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, შეუძლია, მუხლების დონეზე შეიწყალოს ადამიანები, მაგრამ მსგავსი რამ ქალბატონ პრეზიდენტს არასოდეს არ გაუკეთებია. მათ შორის, აქვს ვეტოს დადების მეორე ბერკეტი იმ შემთხვევაში, როდესაც მორალურად გამართული დასაბუთება შეუძლია, თუ რატომ. თუ პრეზიდენტი ამას საჯაროდ დაასაბუთებს ისე, რომ ადამიანებისთვის გახდება გასაგები, რომ პრეზიდენტი მართალია და ვიღაც არ არის მართალი, მას მართლა შეუძლია, დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ ის ვეტოები, რომლებსაც პრეზიდენტი ადებს, უბრალოდ, გაუგებარია, რა შუაშია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამ განცხადებით ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პოლიტიკური შედეგი აქვს პრეზიდენტის ვეტოს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა ყველა ჯერზე ძლევს და აუქმებს.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის მთავარსარდალს, ვეტო რამისთვის თუ უნდა დაედო, ეს იყო თავდაცვის კოდექსი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

„უამრავი მსგავსი კანონი იყო, რომელშიც მართლა იყო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის პოზიციის გამოხატვა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხომ არაფერი არ იცვლებოდა, ექვსი თვით იქნებოდა დანიშნული კალანდარიშვილი თუ ოთხი წლით დანიშნავდნენ? მე ვამბობ, რომ პრეზიდენტი არცერთ რეალურ ნაბიჯს არ დგამს „ქართული ოცნების“ მართლაც საწინააღმდეგოდ. პრეზიდენტის იმედი ჩვენ საბოლოოდ დავკარგეთ თავდაცვის კოდექსზე ვეტოს არდადების მომენტში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეეცდება თუ არა ოპოზიცია, 2024 წლის არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადოს, რადგან მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ნაწილთან ერთად ემზადება არჩევნების შედეგების „არაღიარებისთვის“, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი ცვლილებებით, რომელიც ცესკო-მ გაატარა, ბევრად რთული იქნება ამ არჩევნებისთვის ფაქტების თუ არგუმენტების გარეშე უნდობლობის გამოცხადება, თუ „ქართული ოცნება“ მართლაც რამე სიგიჟეს არ ჩაატარებს, თუმცა ჯერჯერობით ამის პირდაპირი ნიშნები ცესკო-ს დონეზე არ ჩანს.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, პრეტენზიის გამოთქმის საშუალება ჯერ არ გაგვაჩნია, რომ ასე პირდაპირ ცესკო-ს წარვუდგინოთ პრეტენზია. ჩვენ ჩვენს თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, სხვა პარტიას კი არ გადავუმისამართებთ ამ პასუხს, ჩვენ ვიტყვით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

„გირჩის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადანაცვლებას არ გამორიცხავს, თუმცა იქნება თუ არა ეს „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, ამაშიც ღრმად ეპარება ეჭვი.

„იქნება ოპოზიცია, როგორიც, ვთქვათ, გახარიას პარტიაა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომიდგენია. ანუ, იქნება პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ დაკარგული ხმების შეგროვებით იქნება დაკავებული და ამ როლისთვის პრეზიდენტიც კარგი ფიგურაა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.