ვახტანგ მეგრელიშვილი - დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოა ცალ-ცალკე მუშაობა და ისე ქცევა, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციის ნაწილი
დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოა ცალ-ცალკე მუშაობა და ისე ქცევა, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციის ნაწილი, ისინი ამით ერთმანეთის საქმეს აკეთებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეკომენდაციებზე მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ.
„12 პუნქტის შესრულების სწორი სტრატეგია იყო, რომ განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად ერთად გვემსჯელა და რაღაც გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდოდით, ან – არა. ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება სრულად გაუგებრად მიგვაჩნდა, მაგრამ მათი მხრიდან იდეების გასაჯაროებას ველოდები, რომ იმას მაინც მივხვდე, რა მოსაზრებები ჰქონდათ, რასაც ოთახებში არ გვიზიარებდნენ. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი იქნება, რომ 12 რეკომენდაციაზე ლაპარაკი დაიწყოს იმ დამოკიდებულების ნაცვლად, რომ არ დაგელაპარაკებიო. დარწმუნებული ვარ, რაიმე ფუნდამენტური და სასწაული იქ არ იქნება არც ერთ და მეორე ვერსიაში. დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოა ცალ-ცალკე მუშაობა და ისე ქცევა, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციის ნაწილი. მგონია, რომ ისინი ამით ერთმანეთის საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.