„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც მიმდინარე პროცესისთვის იქნება საჭირო.
ამასთან, როგორც მეგრელიშვილმა დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კომპრომისის შესაძლებლობა ყველა საკითხზე არსებობს.
„ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებებს, გვითხრეს, თუ ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან არ გადადგა, შეთანხმება ვერ შედგებაო. რეალურად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. ყველა საკითხზე არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა. მაგალითად, ჩემთვისაც მოულოდნელი, მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მაგიდასთან, მაგრამ არ არსებობს შემოვლითი გზა, ანუ ყველა საკითხზე არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. უბრალოდ, მხარეებმა თავის თავზე უნდა აიღონ შესაძლებლობა, ნაბიჯი უკან გადადგან და საკუთარ მომხრეებს პოზიციები აუხსნან. შესაძლოა, დღესაც შედგეს შეხვედრა, ხვალაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ერთი მაგიდის გარშემო დასხდომა შევძლოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.