ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენი კოლეგები თუ პარლამენტს დატოვებენ, ცხადი გახდება მოსახლეობისთვის, რომ ოპოზიცია ახლიდან არის შესაქმნელი
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ჩვენი პრიორიტეტები განსხვავებული იქნება. ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს სავალდებულო ჯარის საკითხი. ჩვენი ინტერესია, ადამიანები მორალურ საკითხებზე დავაფიქროთ. „თავდაცვის კოდექსი“ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსიის დასაწყებად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ოპოზიცია თუ პარლამენტს დატოვებს, ცხადი გახდება მოსახლეობისთვის, რომ ოპოზიცია ახლიდან არის შესაქმნელი“.
„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები აცდენილი არიან რეალობას და, ფაქტობრივად, საკუთარი ილუზიით შექმნილ სამყაროში ცხოვრობენ, რომელსაც საკუთარი ტელევიზიების საშუალებით ავრცელებენ. როგორც ჩანს, ამ თამაშის ბოლო ეტაპი დგება, რადგან აღარ ვიცი, რა შეიძლება, სხვა გააკეთონ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ წერტილში დადგა – ადამიანი და არა ქვეყანა, რომელიც ამ ადამიანის გამო დიდი ხანი პარალიზებულია. თუ ჩვენი კოლეგები პარლამენტს დატოვებენ, ცხადი გახდება მოსახლეობისთვის, რომ ოპოზიცია ახლიდან არის შესაქმნელი – ოპოზიცია ახლიდან არის გასაკეთებელი, რადგან არაფერ კავშირში არიან პოლიტიკურ პროცესთან, ესენი არიან აქტივისტები. მათ უფლება აქვთ, რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას რაიმე კავშირი აქვს ან საქართველოს დასავლურ მომავალთან, ან მიმდინარე საქმიანობასთან. თუ ჩვენ ამ ხალხს პოლიტიკოსებად მივიჩნევთ, მაშინ 12-პუნქტიანი გეგმა ვერ შესრულდება და სხვა რაღაც არის მოსაფიქრებელი იმისთვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.