ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენ არ ვიცით, რა არის პროქართული და რა არის ანტიქართული
ამერიკელებმა როდესაც ეს კანონი მიიღეს, ისინი ებრძოდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს. არსებობდა ფაშისტური გერმანია, საბჭოთა კავშირი, კომუნისტური რეჟიმი და მათთვის გასაგები იყო, რას ებრძოდნენ, რა იყო ანტიამერიკული, იმ ამერიკული იდეალების საწინააღმდეგო, რისთვისაც კანონს იღებდნენ, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, „ჩვენ არ ვიცით, რა არის პროქართული და რა არის ანტიქართული. რა არის ჩვენი ინტერესების შესაბამისი და რა არ არის“.
როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ორი მნიშვნელოვანი თემის, „თავდაცვის კოდექსის“ და ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევის გადასაფარად, აგენტების კანონის განხილვა გამიზნულად დაიწყო.
„შეგიძლიათ, უყუროთ თავდაცვის კომიტეტის გუშინდელ სხდომას. თქვენ ნახავთ, რომ ეს პარლამენტი არ არის, სადაც ასეთი სხდომის გამართვაც კი შეიძლება. სახალხო დამცველი ისე უნდა ავირჩიოთ, რომ სახალხო დამცველთან ვერ ვილაპარაკეთ. ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ გამოყენებული ანტიქართული ტექნიკა“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.