ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩემთვისაც მოულოდნელი, მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ შეთანხმების შესაძლებლობა ყველაფერზე არსებობს
ვინაიდან დანიელსონი დარჩა, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მთავარი ამბავი ყველასთვის. დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი, რაც შემიძლია, გითხრათ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მუშაობის გაგრძელებაა საჭირო, რათა პოზიციები მეტად დაახლოვდეს. ამასთან, როგორც მეგრელიშვილი ამბობს, კომპრომისის შესაძლებლობა ყველა საკითხზე არსებობს.
„ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებებს. გვითხრეს, თუ ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან არ გადადგა, შეთანხმება ვერ შედგებაო. რეალურად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. ყველა საკითხზე არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა. მაგალითად, ჩემთვისაც მოულოდნელი, მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მაგიდასთან, მაგრამ არ არსებობს შემოვლითი გზა, ანუ ყველა საკითხზე არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. უბრალოდ, მხარეებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ შესაძლებლობა, ნაბიჯი უკან გადადგან და თავიანთ მომხრეებს პოზიციები აუხსნან. შესაძლოა, დღესაც შედგეს შეხვედრა, ხვალაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ერთი მაგიდის გარშემო დასხდომა შევძლოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.