ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩემსა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის არსებობდა ადამიანური კონფლიქტი, ვისურვებდი, რომ მხოლოდ ეს იყოს მისი განცხადების მიზეზი
ჩემსა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის იყო დიდი ხნის ადამიანური კონფლიქტი, რომლის გადაწყვეტაც ზურამ ასეთი ფორმით გადაწყვიტა, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.
„მე თქვენთან ერთად მინდა გავარკვიო, რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობების პრობლემა ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გვქონდა, ძალიან მოულოდნელი დროა ამისთვის შერჩეული. მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობს ზურა, როგორ აპირებს გაგრძელებას, როგორი იქნება ჩვენი კოორდინაცია ამ კრიზისულ პერიოდში. ოთხივე ყოველდღიურად ვიყავით ჩართული მოლაპარაკებებში. არანაირი განსხვავებული აზრი იმ პროცესთან მიმართებაში, სადაც ჩართული ვიყავით, არ არსებობდა. ამ შიდა პრობლემის როგორი გადატანა მოხდება გარე ველზე, მინდა, უბრალოდ გავიგო. ჩემი სავარაუდო ვერსია, რომელიც მინდა, რომ იყოს მიზეზი – ჩვენ შორის იყო დიდი ხნის ადამიანური კონფლიქტი. ვისურვებდი, რომ მიზეზი იყოს ჩემსა და ზურა ჯაფარიძის შორის პირადი, ადამიანური კონფლიქტი, წყენა და ა.შ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.