ვახტანგ მეგრელიშვილი - „ბიბისის“ ამბავი რომ გახმაურებულიყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, შეიძლება, მთელი ოპოზიციური სპექტრი ჩამონგრეულიყო, ახლა შეიძლება, ოპოზიციის ახალი კონსტრუქცია აშენდეს
2012 წლის არჩევნებამდე ყველამ ვიცოდით, რომ ციხეებში მძიმე მდგომარეობა იყო და ადამიანის უფლებების დარღვევა ხდებოდა, მაგრამ როცა კადრები ვნახეთ, ამან სხვანაირი ეფექტი გამოიწვია, დაახლოებით ასეთი შინაარსის არის როგორც ამერიკელების მხრიდან მოსამართლეების დასანქცირება, ასევე კეზერაშვილის საქმე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთი „ქართული ოცნების“ პრობლემაა, მეორე – ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის.
„„ბიბისის“ ამბავი რომ გახმაურებულიყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ვითარება სრულიად განსხვავებულ რეალობაში შეიძლება აღმოჩენილიყო – ჩამონგრეულიყო მთელი ოპოზიციური სპექტრი მსგავსი ბრალდებების ფონზე. ამ ამბავში ის მოხდა კარგი, რომ ეს ხდება არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე და შესაძლებელია, ოპოზიცია დაინგრეს, მაგრამ ამის შემდეგ შეიძლება, ოპოზიციის ახალი კონსტრუქცია აშენდეს. არსებული რომ დარჩენილიყო, 2024 წლამდე ამ სიგიჟით მივიდოდით. მიხარია, რომ მზის შუქზე რაღაც-რაღაცები გამოდის, რაც ისედაც ვიცოდით. ასეთი მასობრივი არ იყო, მაგრამ ამას მედია მალავდა. რაც მოხდა, კარგი ამბავი მოხდა. ვერც კი წარმომიდგენია, ისე გაგრძელება როგორ შეიძლება, ვითომც არაფერი მომხდარა.
მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ახალი პოლიტიკური საქმიანობა უნდა დაიწყოს.
„ვისაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება უნდა კეზერაშვილის მიღმა, თუ საკუთარ თავს საერთოდ ხედავენ პოლიტიკაში ან მედიაში, მას შემდეგ, რაც ეს სკანდალი ჩაწყნარდება, ამ ადამიანების პირდაპირი ინტერესია, რომ დისტანცირება მოახდინონ. როგორ შეიძლება, სამეული, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“ თუ მედია იქნებიან, ვინც ფინანსდებიან, ასეთი ამორალური გზით მოპოვებული თანხებით იყვნენ? ეს კატასტროფაა. დასავლეთსაც კი ეცოდინება, რომ იმ პოლიტიკურ ალიანსს უჭერს მხარს, ვინც ფინანსდება მათი ქვეყნებიდან ნაძარცვი ფულით, ეს არანორმალურია. ფაქტობრივად, ოპოზიცია დაკარგავს დასავლურ მხარდაჭერასაც. შეუძლებელია, ასეთმა ოპოზიციამ იმედი იქონიოს, რომ მას დასავლეთი უკან დაუდგება. ოპოზიციამ ახალი პოლიტიკური საქმიანობა უნდა დაიწყოს. სჯობს, დაფინანსების გარეშე დარჩე, ვიდრე ასეთი დაფინანსებით იყო, რადგან საქართველოში მაინც მორალს აქვს მნიშვნელობა, როცა, მით უმეტეს, დამალვა შეუძლებელია და ყველაფერი ცხადი ხდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.